უკრაინის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა დაიკავა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, შესთავაზა. ბუდანოვმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ზელენსკის წინადადებას დათანხმდა.
შედეგად, ბუდანოვი ანდრიი ერმაკს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა ნოემბერში, კორუფციის სკანდალის ფონზე, დატოვა.
“ასეთ დროს უკრაინას სჭირდება მეტი ფოკუსი უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარება, ისევე როგორც მეტი ყურადღება მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ოფისი, ძირითადად, ჩვენი სახელმწიფოს ამ დავალებების შესრულებას მოემსახურება,” დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის წინადადებაზე თანახმაა, რასაც მან პატივი და ღრმა ვალდებულება უწოდა.
“მე დავთანხმდი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, შემოთავაზებას, რომ პრეზიდენტის ოფისს ვუხელმძღვანელო. გავაგრძელებ უკრაინისთვის სამსახურის გაწევას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს წინაშე. ეს არის პატივი და ასევე ღრმა ვალდებულება, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, რათა ყურადღება დაეთმოს საკითხებს, რომლებიც უკრაინის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია. მადლობელი ვარ ნდობისთვის.” – წერს ბუდანოვი.