საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის საკითხთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის მიღწევებთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხსენებელმა, კომიტეტის წევრებს, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შედეგები, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმები და ასევე, ამ მიმართულებებით მიღწეული შედეგები გააცნო.
„უკანასკნელ წლებში ქართული საექსპორტო პროდუქციის სტიმულირებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, მთავრობის მხრიდან, საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით, სწორი ნაბიჯები გადაიდგა, რომელთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებულ ნაბიჯებს სტრატეგიულ ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მივიჩნევთ, რასაც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
მომხსენებელი კომიტეტის წევრებს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკურ მონაცემებსა და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. მისი თქმით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა რეკორდული მაჩვენებლით განისაზღვრა, რომელიც 34 %-ით არის გაზრდილი.
მისი თქმით, საქართველოს ამჟამად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან და ერთ საბაჟო ადმინისტრაციასთან აქვს.
„ამ შეთანხმებების გაფორმების შემდეგ ადგილობრივი ექსპორტი 1.9 მლრდ-ით გაიზარდა და 3,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რომლის 82% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის“, – განაცხადა გენადი არველაძემ.
მომხსენებლის ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და სხვადასხვა ხელშეკრულებების გაფორმების ხელმოწერის შედეგად, მოხდა ექსპორტის დივერსიფიცირება და არსებულ ბაზრებზე ახალი პროდუქტების განთავსება.
მთავრობის წარმომადგენელმა პარტნიორებთან სავაჭრო პოლიტიკისა და ბაზრების გახსნის კუთხით სამომავლო გეგმებზე ასევე, საქართველოში ინვესტიციების შემოდინების გაფართოების მიზნით, სამინისტროს მიერ გაწეულ და მიმდინარე საქმიანობაზეც ისაუბრა.
„სახელმწიფოს მხრიდან სწორად მიმართული საინვესტიციო პოლიტიკის შედეგია, ის რომ 2022 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი, 2 მლრდ აშშ. დოლარი დაფიქსირდა მსოფლიოს 73 ქვეყნიდან, რაც გასულ წელთან შედარებით 61%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა გენადი არველაძემ.