ქუთაისში “ქუთაისქალაქობა 2026” ჩატარდა
ქუთაისში “ქუთაისქალაქობა 2026” ჩატარდა. დღესასწაულის ფარგლებში, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ცენტრალურ ბულვარში და ფალიაშვილის ქუჩაზე მოწყობილი იყო თემატური გამოფენა-გაყიდვები, სპორტული, საბავშვო და გასართობი სივრცეები.
გაიმართა უცხოელი დელეგაციების მიღება, გაიხსნა ახალი სივრცე “UniverCity”, ჩატარდა ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული სასულე ორკესტრის და გაერთიანების ფილიალების მოსწავლეთა და პედაგოგთა კონცერტი. მდინარე რიონზე მოეწყო ჯომარდობის მონაწილეთა დაშვება.
გამოვლინდნენ ახალი საპატიო მოქალაქეები. “ქუთაისის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭათ:
ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, გოჩა ბაკურაძეს;
საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ის მთავარ მწვრთნელს, კონსტანტინე ტუღუშს;
გერმანიის ქალაქ ობერშტანის ნევროლოგიის კლინიკის ექიმს, მარტინ აიკეს; მეცენატესა და ქველმოქმედს, შპს „ ვდკ“ -ს დირექტორს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, დავით თვალთვაძეს;
დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონის“ პედიატრიის სამსახურის ხელმძღვანელს, ექიმ-პედიატრს, ზურაბ უბერს; გამოჩენილ ფეხბურთელს, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს. ახლად არჩეულ საპატიო მოქალაქეებს ჯილდოები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა მესხიშვილის თეატრში გადასცა, სადაც, ასევე , გაიმართა თბილისის სიმფონიური ორკესტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე) და ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის (ქორმაისტერი ირინე ლომინაძე) კონცერტი.
“ქუთაისქალაქობის” აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდა.