ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ. „რეგიონებში გასვლას“, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია – მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რისი მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ
ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ. „რეგიონებში გასვლას“, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია. მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რა აქტივის მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ 26 მაისს მორიგი პროვოკაცია უნდა მოაწყონ, ეს არის მათი მიზანი.
„ოპოზიციის ამ მიზანს დიდი ენთუზიაზმით რომ არ ხვდება რეგიონები და ხალხი, ამაზე დარბაზებში ხალხის სიმრავლეც ნათლად მეტყველებს. ზოგადად რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ოპოზიცია არის შინაარსისგან დაცლილი. არ შეიძლება, რომ შენ გერქვას ოპოზიცია და შენი მთავარი მიზანი იყოს რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყო, მუდმივად ისაუბრო იმაზე, რომ დასავლეთში ჩვენ ვიღაცამ უნდა დაგვასანქციროს, ხან თავისუფალი სიტყვა აკრძალოს, ხან თანამდებობის პირი დაასანქციროს, უკეთესია თუ ქვეყანას დაასანქცირებენ, რომ ამან ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნას და ეს ეკონომიკური ზრდა რამენაირად შეაფერხოს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.