საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა აუდიტის ჯგუფმა სამი უწყების ანგარიში განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამი უწყების ანგარიში განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2019-2020 წლებს მოიცავს.

„აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები დაჯგუფებულია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ეხება სასაზღვრო პოლიციის აქტივების მართვის ნაკლოვანებებს და ამ მიმართულებით გაცემულია 14 რეკომენდაცია, მათ შორის: სასაზღვრო პოლიციის მიერ უწყებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების და ბალანსზე რიცხული ქონების მართვის ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, ასევე მოქმედი და ყოფილი მოსამსახურეების და უცხო პირების მიერ სამსახურებრივი ბინების უკანონოდ დაკავების ფაქტის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

აუდიტის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებების მეორე ნაწილი სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ნაკლოვანებებს ეხება. აღნიშნული მიმართულებით გაცემულია ერთი რეკომენდაცია, რომელშიც გაწერილია სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურად და ეკონომიურად განხორციელებისათვის გასატარებელი ღონისძიებები.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ მიგნებებზე გაცემული 15 რეკომენდაციის სტატუსი მიმდინარეა.

სხდომაზე განხილული მეორე საკითხი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის – „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“, 2021 წლის 2 თებერვლიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდის ფინანსური აუდიტის ანგარიშს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ძირითადი მიმართულებები იყო: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული ხარჯების ანგარიშგებისა და განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებული შიდა კონტროლის რისკის შეფასება, განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობა კანონმდებლობასთან, პროგრამის მიზნებთან და ზოგადად, პროექტის შესრულების მდგომარეობა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულია ერთი რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შესყიდული მარაგების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანია დაადგინოს შესყიდული ფერომონების ვარგისიანობის რეალური ვადები და მათი გამოყენება მოხდეს შესაბამის თარიღებამდე. ამასთანავე, დაინერგოს შესყიდული პროდუქციის ვადებზე სათანადო კონტროლის მექანიზმები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაცია უკვე შესრულებულია.

მესამე საკითხი, რომელიც მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა განიხილა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2018-2021 წლების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის“ აუდიტის ანგარიშია.

ანგარიშის თანახმად, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხება ავტორიზაციის საფასურის განსაზღვრის ნაკლოვანებებს და კლინიკური სწავლების ხარისხს. აღნიშნულ მიგნებებზე ოთხი რეკომენდაციაა გაცემული.

რეკომენდაციების თანახმად ავტორიზაციის მომსახურებაზე სამართლიანი ტარიფების ჩამოყალიბების მიზნით, მომსახურების თვითღირებულების შემადგენელი ხარჯების ფაქტობრივი მოცულობების არსებითი ხასიათის ცვლილებებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს მოქმედი ტარიფების პერიოდული გადასინჯვა; ავტორიზაციის მინიჭებასთან, ასევე ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით უნდა გაიზარდოს არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას; უნდა შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საერთაშორისო ექსპერტების შრომის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შრომის ანაზღაურების ოდენობაზე მოქმედი ფაქტორები სრულად იქნება გათვალისწინებული და სათანადოდ დასაბუთებული. მეოთხე რეკომენდაციის მიზანი კი, სასწავლი პრაქტიკის ხარისხის ამაღლებაა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები