ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. საკითხი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა.

საკითხის პირველი მოსმენით განხილვისას პრინციპული შენიშვნები არ გამოთქმულა თუმცა, გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები, რომელიც კანონპროექტში აისახა.

ახალი რედაქციის თანახმად, კონკურენციის სააგენტომ, საქმის შესწავლის მიზნით გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების შესაბამისად უნდა დაამუშაოს.

ცვლილებების მიხედვით, სააგენტოსთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში, მოვაჭრის დაჯარიმებამდე მისი წინასწარი გაფრთხილება მოხდება.

ასევე, მოვაჭრისადმი დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 600 ლარს. კანონპროექტში ასევე, ჩაიწერა, რომ თუ, დასაჯარიმებელი მოვაჭრის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მოვაჭრის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან. ამ შემთხვევაშიც ჯარიმა არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები.

სააგენტოსთვის ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში მოვაჭრისთვის ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს.

სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები