კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს
თავდაცვისა და უშიშროების და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ფინანსური მაჩვენებლები გააცნო და დეტალურად ისაუბრა როგორც ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ასევე ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე, ბიუჯეტის შემოსულობებსა და მის ხარჯვით ნაწილზე.
მინისტრის მოადგილემ კომიტეტების საკურატორო სფეროში შემავალი სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის განკარგვის მონაცემებიც წარადგინა, რომლის თანახმად, 2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბიუჯეტის ასიგნებები 99.9%-ით, თავდაცვის სამინისტრომ – 100.5%, შინაგან საქმეთა სამინისტრომ – 100.5%, საქართველოს დაზვერვის სამსახურმა – 100%, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა – 100% და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა – 81.8%-ით შეასრულა. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულებას, რომელსაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 309. 926 ათასი ლარი გამოეყო, შესრულების მაჩვენებელმა 100.4% შეადგინა. კომიტეტების წევრებმა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასეს და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.