თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებას მხარი დაუჭირა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის აპრილში მოეწერა და იგი არსებული თანამშრომლობის გაგრძელებას ისახავს მიზნად. მინისტრის მოადგილის განცხადებით, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანის მხარესთან ჯერ კიდევ 2002 წელს დაიდო და შემდეგ წლებში ავტომატურად გაგრძელდა.
გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობა სამხედრო განათლებას, წვრთნას და სწავლებებს, ლოჯისტიკას, სამხედრო მედიცინას, სამხედრო კანონმდებლობას და ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებს მოიცავს. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით წარადგინა. მომხსენებლის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს, რომლებიც შესაბამისი პროდუქციის შესაძენად ლიცენზირებას არ ექვემდებარებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც დაემატება. მისივე თქმით, აღნიშნული უფლებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისედაც სარგებლობდა, თუმცა ეს უფლება კანონის გარდამავალ დებულებაში იყო ჩაწერილი, წარმოდგენილი კანონპროექტით კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე იგივე სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება, რაც სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის უკვე არის განსაზღვრული. თენგიზ შარმანაშვილმა ასევე წარადგინა კანონპროექტი – „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.”
კანონპროექტის თანახმად, მკაფიოდ დარეგულირდება კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის ფარგლებში გაგზავნილი, მიღებული და დამუშავებული ელექტრონული დოკუმენტი. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.