მამუკა მდინარაძე: მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი
“დიახ ვიზიარებ. შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მივიღეთ, დავიჩაგრეთ, თან ძალიან დავიჩაგრეთ. მეტსაც გეტყვით, უსამართლოდ დავიჩაგრეთ”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კითხვას – იზიარებს თუ არა თბილისის მერის, კახა კალაძის მოსაზრებას, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით საქართველოს დასავლეთი ჩაგრავს.
მდინარაძის თქმით, ის ოპტიმისტია და ფიქრობს რომ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„არაფერს ვერჩი, მაგალითად, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მოლდოვას, მაგრამ სტატუსი მიიღო „ესენგეში“ შემავალმა ქვეყანამ და ჩვენ ვერ მივიღეთ. ჩვენ ევროპისვე, ევროკავშირისვე გამოქვეყნებული კრიტერიუმებით გაცილებით წინ ვართ, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ დიახ, დავიჩაგრეთ. რატომ და რისთვის, მოდი, საზოგადოებას მივანდოთ ამის განსჯა. მაგრამ რადგან გვაქვს საშუალება, ვილაპარაკოთ, რომ ეს არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. ეს დაადასტურა ევროკავშირმაც თავისი გამოქვეყნებული კრიტერიუმებით, ეს, პირველ რიგში, იმ ფაქტმა დაადასტურა, რომ „ესენგეში“ მყოფი ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, რომელიც პირნათლად ასრულებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს. ძალიან კარგი იყო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ იღებს მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას. ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ წელსაც ასე მოხდეს, თუმცა მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ჩვენი მეგობრების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აღარ უნდა იყოს, არ ვიმსახურებდით არასდროს და არც ახლა ვიმსახურებთ, რადგან ვართ მართლები. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რიტორიკისთვის თუ ვინმემ უნდა დაგვსაჯოს, ეს არ იქნება სამართლიანი. ვფიქრობ, არ უნდა დავისაჯოთ და დავიჩაგროთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.