აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასო შესრულება 2022 წელს შეადგენს 760,4 მილიონ ლარს და შესრულების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 102,3%”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების, საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების, ფინანსურ აქტივების და ვალდებულებების ცვლილებების შესახებ და ა.შ. მომხსენებლის განცხადებით, 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 19 მლრდ 217 მლნ ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში კი სულ მობილიზებულ იქნა საპროგნოზო მაჩვენებლის 100,8 პროცენტი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით არა მხოლოდ ჯამურად, არამედ პროგრამების კუთხითაც არის საკმაოდ კარგი და მთელ რიგ შემთხვევებში 100 პროცენტს აჭარბებს. კერძოდ, ბიომრავალფეროვნების ნაწილში შესრულება 127%-ია, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით – 100%, სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიმართულებით – 103, 9%, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კუთხით – 99,9%, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელების პროგრამის კუთხით – 99,3%.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ერთიან აგროპროექტზე, რომელშიც თავს იყრის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ის ძირითადი პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის ხელშეწყობას ეხება, 368 მილიონ ლარამდე მიიმართა და შესრულების მაჩვენებელმა 97% შეადგინა.
„მელიორაციის ნაწილს რაც შეეხება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, საკასო ხარჯმა ჯამში 80 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა და შესრულების მაჩვენებელი 87% იყო. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ნაწილში თანხები სრულად იყო ათვისებული, თუმცა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში – ირიგაციისა და დრენაჟის სისტემის გაუმჯობესება – მცირედი დანაკლისი იყო, მაგრამ პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და წელს დაგეგმილზე მეტის შესრულებაა შესაძლებელი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო მთავრობის ინფორმაცია – „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ”.
მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი პირველადი ვარიანტია მაკროეკონომიკური პარამეტრების, რომელიც საფუძვლად დაედება ძირითად დოკუმენტს და პარლამენტს წარედგინება. კომიტეტმა ორივე საკითხს მხარი დაუჭირა.