ლევან დავითაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრს შეხვდა
ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაევს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი თურქმენეთში – კონსტანტინე საბიაშვილი. მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა, ტურიზმი და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფორმატი, რომლის მომდევნო სხდომაც თბილისში 6 ივნისს გაიმართება.
ხაზი გაესვა ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის, აგრეთვე, საქართველოში თურქმენეთიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში თურქმენეთიდან ტვირთების მოზიდვის მნიშვნელობაზე. ასევე, დადებითად იქნა განხილული თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში.