კახა კალაძე: ევროპულ მომავალს არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან
“ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს.
„ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ საკუთარ ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე, უარი ვთქვათ იმ ტრადიციებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და დღემდე მოვედით. შესაბამისად, ამ ყველაფრით და ამ ყველაფერთან ერთად წარმოგვიდგენია ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის განვითარება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. ეს ასეა და ასე იქნება. პოლიტიკური პატიმრები საკითხი დავამთავრეთ 2012 წელს. დღეს საბედნიეროდ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. გვყავს დამნაშავეები. რაც შეეხება ევროპულ მომავალს და სტატუსის საკითხს – კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას და ყველანაირად წინ ვიყავით თუ შევედრებით სხვა ქვეყნებს, რომლებსაც მიენიჭათ სტატუსი, მიუხედავად ამისა აუცილებლად შევასრულებთ ამ 12-პუნქტიან გეგმას, ივნისის ბოლოს ყველაფერი იქნება შესრულებული და შემდეგ ჩვენს მეგობრებზე იქნება დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.