რა ხდება “კოპიტნარის” აეროპორტში – “როგორც ამბობენ, “WIZZ AIR”-ს სისტემა გაეთიშა
ქუთაისის “კოპიტნარის” აეროპორტში ხმაურია. როგორც “კვირას” ადგილიდან აცნობეს, მოსკოვის რეისი, რომელიც 22:00 საათზე უნდა შესრულებულიყო, შეფერხდა.
მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე მგზავრთა რეგისტრაციაც არ დაწყებულა. ფრენას მოსკოვის მიმართულებით ავიაკომპანია “WIZZ AIR”-ი ასრულებს.
“20:30 საათზე ჯერ ქუთაისი-ვარშავას რეისი უნდა შესრულებულიყო. მგზავრების ნაწილი ბორტზე შეიყვანეს, თუმცა ბოლო 6 მგზავრი იყო დარჩენილი როდესაც, როგორც ამბობენ, სისტემა გაეთიშათ. ის 6 მგზავრი თვითმფრინავში მეორე მხრიდან მაინც შეიყვანეს, ანუ სხვა მხრიდან გაატარეს რეგისტრაცია. პოლონეთისკენ რეისი კი შესრულდა, მაგრამ მოსკოვზე პრობლემები შეიქმნა. ჩვენი რეისი 22:00 საათზე იყო დანიშნული. ამ დრომდე კი, რეგისტრაციაც არ დაწყებულა. ახლა გვეუბნებიან, რომ 23:15 წუთზე გავფრინდებით, თუმცა რეგისტრაცია ყოველთვის 2 საათით ადრე იწყება და მათი დაპირება არადამაჯერებლად ჟღერს. მეც და სხვა მგზავრებიც ძალიან შეწუხებულები ვართ…”, – განუცხადა “კვირას” ერთ-ერთმა მგზავრმა.
მისივე თქმით, აეროპორტში უამრავი ხალხი და ხმაურია.
“აქ ძირითადად “კაზანტიპის” ფესტივალის მონაწილეები არიან. ისინი ისევე როგორც ჩვენ, ადმინისტრაციისგან პასუხს ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე არავინ არაფერს გვეუბნება”, – აცხადებს “კვირასთან” ერთ-ერთი მგზავრი.
“კვირა” ინფორმაციის გადამოწმებას ავიაკომპანია “WIZZ AIR”-თან შეეცადა, თუმცა იმის გამო, რომ სამუშაო საათები დასრულებულია ავიაკომპანიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
ავიაკომპანია “WIZZ AIR”-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის 27 სექტემბრიდან ოპერირებს. ამჟამად იგი პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის, დონეცკის, ხარკოვის, კატოვიცას და ვარშავის მიმართულებით ასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, ამ დრომდე ავიაკომპანია“WIZZ AIR”-ის მიერ 170 000-მდე მგზავრია გადაყვანილი.