თინათინ რუხაძე: ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის 20 ათასზე მეტი ტურისტია საქართველოში ჩამოსული – ჯამში გრანდიოზულ შოუს 55 ათასი ადამიანი დაესწრება
ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 000-ზე მეტი ტურისტი დაესწრება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯამში კონცერტს 55 ათასი მაყურებელი ეყოლება.
,,მსოფლიო სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის მასშტაბურ შოუმდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძესთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ იმყოფებოდა.
კულტურის მინისტრის თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
როგორც თინათინ რუხაძემ აღნიშნა, დღევანდელ გრანდიოზულ შოუს 55 ათასი ადამიანი დაესწრება. კონცერტზე დასასწრებად ქვეყანაში 20 000-ზე მეტი ტურისტია ჩამოსული; პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობს 2000-მდე ჩვენი თანამემამულე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს რეგიონში კულტურული ჰაბისა და კულტურის დედაქალაქის ფუნქცია.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ კულტურის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორი თამარ ჩხაიძე”,- წერია ინფორმაციაში, რომელსაც კულტურის სამინისტრო ავრცელებს.