ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობს. ინფორმაციას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამსახურის დირექტორი, კიდევ 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტიტე აროშიძეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორს, მურთაზ დევაძეს და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პარმენ ხვედელიძეს შეხვდა.
კობა კობალაძემ მასპინძლებს წარუდგინა პრეზენტაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის განვითარების დინამიკაზე; სამსახურის ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად და საზოგადოებაში ვეტერანთა მეტად ინტეგრაციისა და მათი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსის მიზნობრივად გამოყენებისთვის, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე. მან ხაზი გაუსვა მომავალი თაობების განათლების მნიშვნელობას და მოტივირებული, შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდობის როლს ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში.
უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა, ერთხმად აღნიშნეს, რომ მიესალმებიან სამსახურის გადაწყვეტილებას ვეტერანთა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების შესახებ. მათ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს, რაც წარმატებული სტუდენტების წახალისებას და მათთვის მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულ, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 91, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის 7, ხოლო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 48 სტუდენტის თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა-ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა;
შეხვედრებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლდათ, სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.
მემორანდუმებით, ასევე, გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას გეგმავს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.