დავით ქართველიშვილი: თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკის მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისკენ, ეს სახელმწიფო დღევანდელ ჩავარდნას წარმატებით გაუმკლავდება

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკაშიც მთავრობის ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფაზე, ვიმედოვნებ, რომ ამ დროებით ჩავარდნას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო წარმატებით გაუმკლავდება,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 17.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე 12,1%-დან გაიზარდა 16,6%-მდე, ასევე ღარიბი ბავშვების რაოდენობაც 3,3 მილიონით გაიზარდა. ამ ჩავარდნებს კი ამერიკა იმ შემთხვევაში გამოასწორებს, თუ, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ხალხისა და ქვეყნის წინსვლაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

„კლასიკური დასაწყისით დავიწყებ: თქვენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო? მოდით, კარგით: ბოლო ორ წელიწადში საქართველოში სიღარიბისა და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება. გასულ წელს შემცირდა სიღარიბის დონე და თავის ისტორიულ მინიმუმს – 15.6%-ს მიაღწია. აღნიშნული მონაცემების წყარო „საქართველოს სტატისტიკის სამსახურია”.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრების) 17.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. დიახ, ცუდი ამბავიც დამრჩა მოსაყოლი. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 2023 წლის მარტის ოფიციალურო ანგარიშით, ანალოგიურ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე 12,1%-დან (2021 წლის დეკემბერში) გაიზარდა 16,6%-მდე (2022 წლის მაისში). აშშ-ში ღარიბი ბავშვების რაოდენობის საერთო რიცხვი 3,3 მილიონით გაიზარდა, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ბავშვთა შრომის სფეროში დარღვევები თითქმის 70%-ით გაიზარდა. 2022 ფისკალურ წელს სხვადასხვა სახიფათო სამუშაოზე არასრულწლოვანთა გამოყენების ფაქტები კი გაიზარდა 26%-ით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკაშიც მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისკენ, ვიმედოვნებ, რომ ამ დროებით ჩავარდნას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო წარმატებით გაუმკლავდება,” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები