ქართული დიასპორის წარმომადგენელი ჰოლანდიაში: მექმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იყენებს ყველანაირ პლატფორმას, რათა მოახდინოს მთავრობის დისკრედიტაცია

„დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქალბატონმა პრეზიდენტმა, დიასპორის მისალმების ნაცვლად, გაბრაზებული ტონით დაიწყო საკითხებზე უკმაყოფილების გამოხატვა, კრიტიკა პროტოკოლზე, მთავრობის სხვადასხვა ინსტიტუტზე. ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. თუ არსებობს ამდენი კრიტიკა, პრეზიდენტს შეეძლო, ეს საკითხები სხვა ფორმატში განეხილა და არა – სადღესასწაულო ღონისძიებების დროს“, – ამის შესახებ ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ჰოლანდიაში. მარეხ ტოგონიძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ტოგონიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ მტკივნეულია, როდესაც პრეზიდენტი ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის დიასპორის მიერ გაწეულ ძალისხმევას „ცეკვა-თამაშსა“ და „ფუჭად დახარჯულ თანხებს“ უწოდებს.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით დროებით და გვინდა, გავიგოთ, რა ხდება ქვეყანაში. გვიხარია ჩვენი ახლობების კარგად ყოფნა – რომ ქვეყანაში არის მშვიდობა. იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა ჩვენში აღმშენებლობის, წინსვლის რწმენა განამტკიცოს, რათა უფრო აქტიურად ჩავერთოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ამ გლობალური გამოწვევების დროს, რას ვხედავთ – პირიქით, პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს, პროცედურები არ არის გამართული.
მტკივნეულია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის დიასპორის მიერ გაწეულ ძალისხმევას „ცეკვა-თამაშსა“ და „ფუჭად დახარჯულ თანხებს“ უწოდებს. არ დავეთანხმები ნამდვილად, რადგან, სწორედ ასეთი ღონისძიებების საშუალებით, ჩვენ მომავალ თაობას საფუძველს ვუქმნით, რათა უფრო ახლოს იყოს სამშობლოსთან. თუ ნაკლებია ისეთი დიასპორული ჯგუფი, სადაც არიან ნახევრად ქართველები, ეს სალომე ზურაბიშვილის შეხედულებით ნიშნავს, რომ მათთან დაკავშირებით ნაკლები ყურადღება უნდა იყოს გამოხატული?
პარალელურად, ქალბატონმა პრეზიდენტმა მაგალითის სახით ახსენა ისრაელი. ეს სახელმწიფო დიასპორაში აღვივებს იმ რწმენას, რომ სადაც უნდა იყოს თუნდაც ერთი ებრაელი, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი ინტერესიც კი დაიცვას. კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ მაგალითს ნამდვილად გამოიყენებს და ჩვენ მოგვცემს სწორედ ამ სახელმწიფოებრივი რწმენის გამტკიცებას ჩვენში.
მექმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იყენებს ყველანაირ პლატფორმას, რათა მოახდინოს მთავრობის დისკრედიტაცია. ამას რატომ აკეთებს, ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ გასაგებია ის, რომ პრეზიდენტი აცდენილია რეალობას. ის აღვივებს ნიჰილიზმს, აძლიერებს პოლარიზაციას და ქსენოფობიას. ამიტომ, არ შეიძლება, ის იყოს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა მარეხ ტოგონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები