სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო კოლეჯის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინა.

სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით, უწყების მიერ 2022 წელს განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მომხსენებლის განცხადებით, ახალგაზრდების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაძლიერება, ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, ამ მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო სამსახური მუშაობს.

მისივე თქმით, პარლამენტთან და სხვა სამინისტროებთან ერთობლივ კოორდინაციაში არაერთი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს ჩატარებულ კვლევებზე ინფორმაცია მიაწოდა და ახალგაზრდების მიერ მავნე ნივთიერებების, ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარებაზე სტატისტიკური მონაცემები გააცნო. მანვე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების მიზნით, სამინისტროს მიერ შემუშავებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და თემატურ ტრენინგებზე ისაუბრა. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო კოლეჯის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, კოლეჯის დირექტორმა თეიმურაზ ლორთქიფანიძემ ისაუბრა. მან კომიტეტს კოლეჯის მიზნებზე, სასწავლო პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია გააცნო და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც პროფესიული კადრების მომზადებისთვის სასწავლებლის წინაშე დგას. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა, ჯემალ ძაგანიამ ისაუბრა. მან სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე გაამახვილა ყურადღება. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები