დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „ენერგოეტიკეტირების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევ კანონპროექტთან ერთად.
პარლამენტის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებებით დაკონკრეტდება და კანონით განისაზღვრება ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის ორგანო. შესაბამისად, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განისაზღვრება.
წარმოდგენილი ცვლილებებით ახლებურად რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების წესიც, რომელიც უფლებამოსილი პირის ნაცვლად დაევალება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. საბოლოო ჯამში, ცვლილებათა შემოთავაზებული პაკეტით განისაზღვრება პროდუქტებზე საზედამხედველო წესები და აღსრულებადი გახდება კანონით განსაზღვრული რეგულირების სფერო. კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით წარადგინა.
დავით სონღულაშვილის თქმით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს „საქართველოში ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით” გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მიღწევას და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
პროექტის თანახმად, ავტორიზებულ პირებს საშუალება მიეცემათ ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ უკვე არსებული, სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს განვითარებას, შეამცირებს ქსელის განვითარების საფასურს, წაახალისებს ავტორიზებულ პირებს, რომ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შედარებით დაბალ ფასად შესთავაზონ მომხმარებელს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.