ლევან თაქთაქიშვილი: რატომ არ ჩატარდა ნაზი შამანაურის მკვლელთა გასამართლება? – ახლა ვინც მირეკავს, რად გინდა ავლიპ ზურაბიშვილის დაპირისპირება შამანაურთანო, ვუპასუხებ: ეს ზურაბიშვილს მაშინ უნდა ეფიქრა, საგიჟეთში რომ ტანჯავდა ხალხს!

“ვსვამ კითხვას: რატომ მოკლეს ან თუნდაც რატომ მოექცნენ ასე სასტიკად ნაზი შამანაურს, როცა მას ანტისაბჭოთა თემაზე სიტყვა არ დაუძრავს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი დისიდენტები სთავაზობდნენ კავშირს? – რატომ არ ჩატარდა 1991 წლიდან შამანაურის მკვლელთა გასამართლება?”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ საქმის დამკვეთნი და მათი შთამომავლები გავლენიანი პირები იყვნენ.

“ჩემი პოსტი ვიღაცას არ მოეწონა, ვიღაცამ მირჩია, რა გინდა შამანაურის თემასთანო!

იცით რას ვნანობ? რატომ პირდაპირ არ ვთქვი ჩემი აზრი!

ხოდა ახლა გეტყვით:

ვსვამ კითხვას: რატომ მოკლეს (დაიწყებთ მტკიცებას, შემოაკვდათო) ან თუნდაც რატომ მოექცნენ ასე სასტიკად ნაზი შამანაურს, როცა მას ანტისაბჭოთა თემაზე სიტყვა არ დაუძრავს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი დისიდენტები სთავაზობდნენ კავშირს?

რატომ არ წაიყვანეს საგიჟეთში შემდგომ სხვა დისიდენტები?

მეტიც, ქალი რომელიც სისტემას არ ებრძოდა, სისტემის მტრად გამოაცხადეს და მისი მოკვლის შემდეგ უშიშროებამ სახლიდან მისი ნაწერები წაიღო.

ჩემი აზრი ასეთია, ორი მიზეზის გამო დამთავრდა შამანაურის საქმე ასე საშინელი განაჩენით:

1. ის კერძო პირებს ადანაშაულებდა და მათ შორის გავლენიან პირებს, მას რომ სისტემა დაედანაშაულებინა, სულ რომ დაემხო და გაელანძღა პარტია, ასე არ დაამთავრებდნენ საქმეს!

2. ის უკონტროლო იყო, ვერ გააჩერეს, აი დისიდენტურ მოძრაობას კი აკონტროლებდნენ და თან აკონტროლებდნენ ბრწყინვალედ, ამიტომაც მიუგზავნეს ხალხი, შედი დისიდენტებშიო! მაშინ ის კონკრეტული პირებისათვის საშიში არ იქნებოდა.

მე არ მოვსწრებივარ იმ პერიოდს, პატარა ვიყავი, მაგრამ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ერთხელ საჩივარი დაგვიწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, დირექციის სხდომაზე განვიხილეთ საჩივარი, მთელ ბიბლიოთეკას მიწაში გვდებდა მომჩივანთა ჯგუფი. დირექციის ერთმა წევრმა იკითხა: კონკრეტულად ჩემზე რამე წერიაო?

ასეა საქართველოში: ზოგადი ჭირი, ღობეს ჩხირი. აი, კონკრეტული მტერი კი საშიშია და ზოგჯერ დამღუპველი. ასე მოხდა ამ ანგელოზის შემთხვევაში. მიყვარს ეს ქალი!

ის ფსიქიატრიულში კონკრეტული დავალებით მიიყვანეს, დავალება იყო ასეთი: ის არ უნდა გამოსულიყო, ის უნდა გამოეტანათ! ეს აასრულეს 5-ზე!

ამ საქმეს ბოლომდე არავინ ქექავს, არც იმას, თუ რატომ აღმოჩნდნენ 9 აპრილს დახოცილთა შორის სულ ქალები !

რატომ არ ჩატარდა 1991 წლიდან შამანაურის მკვლელთა გასამართლება? მისი დედა ხომ მასთან ერთად იყო საგიჟეთში ჩამწყვდეული და დამოუკიდებელ საქართველოში წლები იცხოვრა?

რატომ? იმიტომ რომ ამ საქმის დამკვეთნი და მათი შთამომავლები კვლავ გავლენიანი პირები იყვნენ. ახლა ვინც მირეკავს, რად გინდა ავლიპ ზურაბიშვილის დაპირისპირება შამანაურთანო, ვუპასუხებ: ეს ზურაბიშვილს მაშინ უნდა ეფიქრა, საგიჟეთში რომ ტანჯავდა ხალხს!”,- წერს თაქთაქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები