ზაზა ლომინაძე: მთავრობამ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანერგვით, თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვის უფლებით უნივერსალური სარგებლობის ფუნდამენტი შექმნა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ საპარლამენტო ქსელის გლობალური ჯანმრთელობისათვის (UNITE) ინიციატივით გამართულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საპარლამენტო ქსელის წევრების რეგიონულ შეხვედრაში (EECA) მიიღო მონაწილეობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებას ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად.

„UNITE არის ერთადერთი საპარლამენტო კავშირი, რომელიც გლობალური ჯანდაცვის საკითხებზეა ორიენტირებული და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისა და ხედვების მიღმა აერთიანებს მოქმედ და ყოფილ პარლამენტის წევრებს 97 ქვეყნიდან მსოფლიო მასშტაბით გლობალური ჯანდაცვის საერთაშორისო პრიორიტეტების გარშემო მოქმედებისთვის“, – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა, რომელიც UNITE-ის საპარლამენტო ქსელის გლობალური ჯანმრთელობისთვის 10 რეგიონული ფილიალიდან ერთ-ერთს – აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) რეგიონს ხელმძღვანელობს.

„სასიხარულოა და მისასალმებელი, რომ UNITE-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული შეხვედრა საქართველოში იმართება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გაგიზიაროთ საქართველოს მიღწევები ჯანდაცვის სფეროში, ასევე მოვისმინოთ და გავიზიაროთ თქვენი ქვეყნების მიღწევები გლობალური ჯანდაცვის საკითხებში. ერთობლივად, ვიწრო-პოლიტიკური ინტერესების მიღმა, შეგვიძლია გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემები და უზრუნველვყოთ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები, ვინაიდან კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ერთად ყოფნის გარეშე, შეუძლებელი იქნება გავუმკლავდეთ ისეთ რთულ გამოწვევებს, როგორიც კოვიდია. ამიტომ ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ, UNITE-თან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროსთან ერთად შევძლებთ გადავლახოთ მსოფლიო გლობალური პრობლემები. ერთობლივი მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია მსგავსი მასშტაბის კრიზისების დაძლევა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ეტაპებზე, რომელიც ფაქტობრივად 1995 წლიდან დაიწყო, ხოლო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანერგვით, საქართველოს მთავრობამ თითოეული მოქალაქისათვის შექმნა ჯანდაცვის უფლებით უნივერსალური სარგებლობის ფუნდამენტი. საქართველომ, ისევე – როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, ჯანდაცვის რეფორმის რთული ეტაპები გაიარა. დღეს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესული და წარმატებული რეფორმაა, რომელიც განხორციელდა 2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც, როდესაც 2015 წელს ეს პროგრამა ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად აღიარა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობენ მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და ყირგიზეთის წარმომადგენლები. სამდღიანი შეხვედრა განიხილავს 2023-2024 წლებში რეგიონისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს: ადამიანის უფლებები და ჯანმრთელობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა; ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება; გლობალური ჯანდაცვის არქიტექტურა და უსაფრთხოება, ასევე ტექნიკურ ექსპერტებთან, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებთან და პარლამენტარებთან იმსჯელებენ არსებულ ხარვეზებსა და გამოწვევებზე, რომლებიც უნდა გადაიჭრას რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, დასასრულს კი მიიღებენ დეკლარაციას გლობალური ჯანდაცვის მდგრადი დაფინანსების გასაუმჯობესებლად.

დღევანდელ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე და ეკა სეფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები