„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების თანახმად, ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელების გამკაცრება უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, სხვა ცხოველებისა და ადამიანების დაზიანების, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების პრევენციას, ისევე როგორც უმეთვალყურეოდ დატოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მიერ საზოგადოებრივი სივრცეების დაზიანების პრევენციას.

„ხშირია შემთხვევა, როცა შინაური ცხოველი ანადგურებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, მწვანე ინფრასტრუქტურას და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული ჯარიმა არ არის შემაკავებელი”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში ნაცვლად გაფრთხილებისა ან 20 ლარიანი ჯარიმისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ნაცვლად 50 ლარისა. თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ნაცვლად არსებული 50 ლარისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები