სისაურის შრიფტი ქართული კალიგრაფიის დღევანდელობაში

საკუთარი სტილი, უნიკალური შრიფტი – ქართველი კალიგრაფისტის შექმნილი მხატვრული წერის მანერა ინდივიდუალური და განუმეორებელია. გიორგი სისაური ქართული ხელნაწერის სამსახურშია. ხელით წერის ტრადიციები და თანამედროვეობა მის ფურცელზე ახალ სახეს იღებს.

შემოქმედება საზღვრების გარეშე და განსაზღვრული გეგმები…

ინტერვიუმდე გიორგის ერთგვარ „კალიგრაფიულ ავტობიოგრაფიას“ გაეცანით…

 

– თუ ოდესმე ავტობიოგრაფიის დაწერა მომიხდება, ასე დავიწყებ: დავიბადე 1996 წლის ერთ უღიმღამო დღეს – 10 თებერვალს, როგორც ამბობენ. ცოტა ხანში კი – გარდავიცვალე.

ბავშვობა ერთი სიტყვით რომ აგიღწეროთ, ერთ რამეს გეტყვით: არასოდეს მიყვარდა სათამაშოები!!!

ასე განვლო მთელმა 12-მა წელმა. და აი, ამ დროს მოხდა ის, რაზეც გიყვებოდით ზემოთ ხსენებულ გარდაცვალებაზე. უბრალოდ მოხდა ის, რამაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

ამას ჰქვია გარდაცვალება, რამაც მთელი განვლილი წინა წლები, წინა ცხოვრება ერთიანად უკან ჩამოიტოვა და განსაზღვრა ჩემი მომავალი, ჩემი გზა.

…მზიანი დღე. არც ისე მშვიდი გარემო და ერთი კაცი – ძალზედ საინტერესო ადამიანი, რომელსაც ბიძაჩემი ჰქვია. ერთი ბოთლი ტუში, ერთი სამი ნომერი ფუნჯი, ერთი უბრალო ქაღალდი და… ყველაფერს ისე ნელ-ნელა ვხედავდი და აღვიქვამდი, რომ რთული იყო რეალობისა და წარმოსახვის გამიჯვნა ერთმანეთისგან. ვხედავდი, როგორ „ჩავახრჩე“ ფუნჯი შავ ტუშში და როგორ მოვხაზე ფუნჯის ერთი-ორი მონასმით ის მომავალი, რაც მთელი ცხოვრება გამყვება თან! ის იდუმალი, „არარეალური რეალობა“ – რასაც მე ვეძახი ჩემი ხატვის სტილსა და ზოგადად შემოქმედებას. აქ დაიწყო და დაიბადა ჩემი მხატვარი „მე“.

გავიდა კიდევ ერთი წელი ასევე უეცრად ჩამოყალიბდა კალიგრაფი – გიორგი სისაური, რაც ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი მთვარი გზა გახდა შემდგომ. ეს არის ის კულტურა, რაც ძალიან მიყვარს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

დღესაც ვერ აღვიქვამ წერის მომენტს. ნურც შემეკითხებით. უბრალოდ ვწერ. ეს ხომ ძალიან იოლია… უბრალოდ მთავარია სამი რამ: აღმაფრენა, შეძლება და ინდივიდუალიზმის აღქმა და გაჯერება საკუთარ თავში.

ნახევარი წელი არ იყო გასული ამ შემთხვევიდან, რომ მოხდა რაღაც, რამაც მთლიანად შემცვალა და გადაატრიალა ჩემში ყველაფერი, განსაკუთრებით კი – აზროვნება.

ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ახალი აღქმა, ჩემში დაიბადა ახალი ტალანტი, რასაც მწერლობა ჰქვია. მეორენაირად კი გადამწერობა. სწორედ ამ დროს გაჩნდა და შეიქმნა ჩემი პირველი წიგნი „მათხოვრის დღიურები“ . შემდეგ მას მეორე წიგნი „უსათაურო“ მოჰყვა, უსათაუროს „კომედია“. ახლა კი დავასრულე ჩემს მეოთხე წიგნზე მუშაობა, რომლის სათაური „ღვთაებრივი მისტერია“ იქნება.

ვცხოვრობ და ვარსებობ შემოქმედებით. ესაა ჩემი ჰაერიც და ჩემი არსიც. ჩემი რწმენა და სიყვარული, რაც განივრცო და გაიჟღინთა ჩემში. ახლა კი ვცდილობ სხვებს გადავდო ეს გრძნობა და ეს ენერგია!

აი, სულ ეს არის, ერთი სიტყვით რომ დავახასიათო ყველაფერი. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან ბევრი რამ გიამბეთ.

რაც შეეხება სხვა ცნობებს, წელს დავამთავრე თბილისის №55 საჯარო სკოლა. მიყვარს ჩემი სკოლა თავისი მობინადრეებით, რომლებმაც ამ წლების მანძილზე საკმაოდ ბევრი მომცეს. სკოლაში სწავლის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე 3 წლის განმავლობაში ვსწავლობდი, თავისუფალი მსმენელის სტატუსით. იქაც ძალიან ბევრი ვისწავლე და აღმოვაჩინე. რეალურად სამხატვროში თეორიული ცოდნის გაღრმავება იყო ჩემი მთავარი მიზანი, რაც შევასრულე. თუმცა ცოდნა ხომ უსაზღვროა, ამიტომაც ყოველთვის და ყველგან ვცდილობ ამ ცოდნის გაღრმავებას საკუთარ თავში. ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია ზოგადად ადამიანში.

ოჯახს რაც შეეხება… მყავს მშობლები, რომლებიც ყველაფერს ნიშნავენ ჩემთვის და რომლებმაც ძალიან ბევრი გააკკეთეს ჩემთვის და ჩემი შემოქმედებისთვის. მყავს სამი და, სამივე უფროსი. ჩემი საყვარელი დები, რომლებმაც სიყვარული და მზრუნველობა მასწავლეს.

მხატვრების ოჯახში ვარ გაზრდილი და გადმომედო ეს ნიჭი გენეტიკურად. ჩემი მამა და ბიძა – ამირანი და ტარიელი მხატვრები არიან. და მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვობიდანვე ვეზიარე ამ ღვთის დიდ ქმნილებას რასაც შემოქმედება ჰქვია. ბევრიც მასწავლეს და ბევრიც დამანახეს. სამყაროს სწორი აღქმა მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის და ჩემი აღქმა გადაჯაჭვულია იმ ინდივიდუალურ ხედვასთან, რაც გაჩნდა უეცრად ჩემში.

 

– გიორგი, როგორი გახსოვს შენი თავი ბავშვობაში?10613878_893009810727313_291557151_n

– მახსოვს, როგორ გავშლიდი ხოლმე იატაკზე ბიძაჩემისა და მამაჩემის თექებს და როგორ დავდიოდი ზედბედნიერი სახით. თითქოს რაღაც ენერგიას ვიღებდი მათგან. მახსოვს როგორ ვიღებდი ფუნჯს და როგორ ვხატავდი 3–4 წლის ასაკში. ფუნჯი იყო ჩემი სათამაშო და ჩემი გართობა, ხატვა. მრავალი მოგონებაა ისეთი, რაც წარუშლელია ცნობიერებაში. ჩვენი ძვირფასი მოგონებები.

სხვა გატაცებებს შორის ალბათ ხატვა დომინირებდა…

– ჩემი მთავარი გატაცება ხატვა იყო. და ზოგადად რაღაცა ახლის შექმნა. თუმცა წიგნების კითხვაც ადრეული ასაკიდან დავიწყე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეზოთერიკა იყო ის, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ყოველთვის რაღაც მისტიკურისკენ ვილტვოდი არაამქვეყნიურისკენ. დღეს კიბედნიერი ვარ ამით.

– კალიგრაფიის სიყვარული როდის და როგორ მოვიდა?

– მაშინ, როდესაც კალიგრაფიის კონკურსში გავიმარჯვე 5 წლის წინ. მანამდე არანაირი შეხება არ მქონია ხელით წერის კულტურასთან. კონკურსშიც ისე გავიმარჯვე, რომ ვერ ვაცნობიერებდი კარგა ხანს, რომ ეს ყველაფერი ცხადლივ ხდებოდა. დღეს კი ამ საქმის სიყვარული იმდენად ღრმად არის ჩემში ჩაბუდებული, რომ მეეჭვება, ოდესმე თავი დავანებო ამას.

– როგორც ვიცი, ოჯახი ხელს გიწყობდა, რომ ამ მიმართულებით მიგეღწია წარმატებისთვის…

– დიახ.  ჩემი ოჯახის უკლებლივ ყველა წევრისგან მე იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობ, რომ რთულია შეაფასოეს დახმარება და სიყვარული. ეს ხელშეწყობა რომ არა, დღეს მე იმის ნახევარი ვერ მექნებოდა გაკეთებული, რაც მაქვს. ნამდვილად გამიმართლა ამ მხრივ. ოჯახის გარდაც ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც მთელი გულით ცდილობს, დამეხმაროს და წინ წამწიოს. ყველაფერს აკეთებს ამისთვის ზოგიერთი მათგანი.
სიკეთე არის ის, რასაც ყოველთვის ექნება ნაყოფი! ყოველთვის! ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უცხონი იყვნენ ჩემთვის, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი და მათ დამანახეს სიკეთისა და გვერდში დგომის ისეთი მაგალითი, რასაც ანალოგი არ ჰქონია ჩემთვის. ისინი აკეთებენ ჩემთვის იმდენს, რასაც დღეს ნათესავი არ გაგიკეთებს. ყოველდღე მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, და გამოჩნდნენ ისინი ჩემს ცხოვრებაში. რომელთა ინტერესიც მხოლოდ ჩემი შემოქმედებაა და მისი განვითარება, სრულყოფა. ამის განვითარება კი კულტურის განვითარებაა, ჩვენი ქვეყნის განვითარება რაც ძალიან ბევრს არ ესმის და ვერ ხვდებიან ამას. მინდა მადლობა გადავუხადო  მათ და განსაკუთრებით გამოვყო ქალბატონი მანანა ჯიბლაძე და ბატონი ორდენ წულაია. მათ ძალიან ბევრი გააკეთეს ჩემთვის და ბევრი მასწავლეს ამ მცირე ხანში. ღმერთმა გააძლიეროს ისინი და ყველა ის ადამიანი, ვინც სიკეთის კეთება იცის. ესაა ქრისტეს გზა და ყოველი ადამიანი ამ გზის ნაწილი უნდა გახდეს. ერთად ვაკეთოთ სიკეთე!

– ამ მიმართულებით როგორ ახერხებ განვითარებას?10634200_893009827393978_477183160_n

– ყოველდღიურად ვცდილობ განვვითარდე ამ სფეროში. ეს მოითხოვს დიდ შრომასა და ენერგიას. ვკითხულობ სხვადასხვა ლიტერატურას, ვეცნობი სხვა ქვეყნების კულტურას, კერძოდ ამ სფეროსთან მიმართებაში და ვცდილობ სრულვყო ცალკეული დამწერლობები, ეს იქნება ძველი ქართული (ასომთავრული, ნუსხური) თუ ივრითული დამწერლობა… ძველი ლათინური (გოთიკური) თუ არაბული. არ აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარია ხელი მოკიდო რაღაც საქმეს და ის სრულყოფამდე მიიყვანო. მაქსიმალისტი ვარ ბუნებით და ყველაზე მეტს საკუთარ თავს ვთხოვ. სხვამ მხრივ განვითარება, ვფიქრობ, უშედეგო იქნება. ეს არის თვეების, წლების  და თავდაუზოგავი შრომის შედეგი. შრომის გარეშე კი ვფიქრობ არაფერი მიიღწევა.

– საბოლოო შედეგი ალბათ გაწეული შრომის ყველაზე კარგი კულმინაციაა…

– ყველაზე სასიამოვნო შემოქმედი ადამიანისთვის, ვფიქრობ დასრულებული ნამუშევრით მიღებული ბედნიერება და სიხარულის განცდაა. შემოქმედებითი ბედნიერება კი ყველაზე დიდია და შეუდარებელი. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. როგორც ქალს უხარია შვილის დაბადება ისე უხარია ჭეშმარიტ შემოქმედს ახალი ქმნილების შექმნა!

– კალიგრაფისტის საქმე სპეციფიკურია. რა სირთულეებს აწყდები ამ მხრივ?

– ხალხის დაინტერესება არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს სფერო პრაქტიკულად მივიწყებულია და ახლა ვცდილობთ ამ სფეროს სიყვარულით დაავადებული ხალხი მის აღორძინებას! სირცხვილია უბრალოდ, იმ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალური,  საკუთარი დამწერლობა გაგვაჩნია, რომელიც უნიკალურია, ამ სფეროს მიმართ დაინტერესება ნული იყოს. იმედია, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ეს კულტურა პრიორიტეტული იქნება.

– რა თვისებები სჭირდება ამ საქმიანობას?

– ჩემთვის ეს პროცესი დიდი სიამოვნებაა. განტვირთვაც კი შემიძლია ვუწოდო.  მაგრამ მაინც მთავარი შრომისმოყვარეობაა. სიგიჟემდე შეყვარებული ვარ ქართულ დამწერლობაზე და ამიტომ, ჩემი მუშაობის პროცესი მარტივი და საინტერესოა. დიდი დრო მიმდის ძალიან, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია საქმის ხარისხიანად გაკეთება. კარგი ხელნაწერის შექმნა დიდ შრომას, ენერგიას, დროს, მოთმინებას მოითხოვს. ამის გარდა, კარგი გემოვნებაც უნდა გქონდეს და დახვეწილი ხელი (ხელწერა). მოქნილად უნდა შეგეძლოს ხაზის გატარება, რომ ხელნაწერი ე.წ. „ბატიფეხური“კი არატრადიციული, კლასიკური იყოს. ან თუნდაც ინდივიდუალური (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ). ფერთა აღქმა უნდა შეგეძლოს, და ყოველი ფერი უნდა გაითავისო, რომ სრული ჰარმონია შეიქმნას ხელნაწერსა და დეკორს შორის, ან თუნდაც, ტექსტისა და საზედაო  ასოების. ეს ის ესთეტიკური ხედვაა, რაც ან გაქვს, ან არა. ამ ყველაფრის გარეშე კი კარგი ხელნაწერის შექმნა შეუძლებელია.

როგორია შენი სტილი?10637951_893009817393979_170119715_n

– მე სამი სტილი მაქვს შექმნილი. სამი შრიფტი, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული. ისეთი შრიფტები, რასაც ანალოგი არ ჰქონია აქამდე.  საკმარისია ერთხელ შეხედოს ადამიანმა, რომ მეორე ნახვისას იტყვის „ეს ხომ სისაურის შრიფტია“. ძალიან ბევრჯერ გამიგია მსგავსი რამ. პირველი ორი შრიფტი არის უფრო აბსტრაქტული, სიურეალიზმისა და   პუანტილიზმის ელემენტებით რაც დეკორატიულ სახეს ატარებს. საკმაოდ მისტიკურია და ინდივიდუალური. მესამე კი კლასიკაა ჩემეული ელემენტებით. მიყვარს სამივე შრიფტი და ვნახოთ შემდეგი რა იქნება.

სად ხედავ შენი საქმიანობის მომავალს?

– ფაქტია, რომ ყველა იმ სფეროში, სადაც გავიდგი ფესვები, აუცილებლად დავრჩები ეს იქნება მხატვრობა თუ მწერლობა. მაგრამ მაქვს სამომავლო გეგმები, რასაც საიდუმლოდ ვტოვებ. ამას კი სულ მალე იხილავს საზოგადოება. ჩემი გზა შემოქმედებაა, შემოქმედებას კი საზღვრები არ გააჩნია!

 

ნანუკა ალავიძე

 

10621791_893009824060645_1549229424_n

10660692_893009820727312_53838901_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები