ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება
საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შეფასებისას.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ეფექტიანობისა და რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად.
„ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.
პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.