“მოინდომეს, რომ გამომძიებლები გახდნენ” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
“მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები. ეს აჩვენებს, რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს და არა, ხელისუფლებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე ისაუბრა.
„ეს აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის შემდგარობას, აჩვენებს იმას, რომ მათი პოლიტიკურ დღის წესრიგი ნაკარნახევია არა მოქალაქეების ინტერესებით, არამედ ხან გარედან, ხან სხვადასხვა ჯგუფებიდან. ქართველმა ხალხმა შეადაროს, რას აკეთებს ხელისუფლება, რას აკეთებს ოპოზიცია. ხელისუფლება ერთი წელია უკვე დაკავებულია იმით, რომ იმ წინაპირობებს ასრულებს, რომელიც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოპოზიცია თითს თითზე არ ადებს იმისთვის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. ახლა, იმის ნაცვლად, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები. ეს აჩვენებს, რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს, საქართველოს და არა, ხელისუფლებას. სინამდვილეში ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას ნეგატიური ფონი იმისთვის, რომ როდესაც ევროკავშირს გადაწყვეტილება ექნება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასეთი ნეგატიური ფონი და ასეთი მღელვარებით იხელმძღვანელოს და არა იმ შედეგით, რომელსაც საქართველო აღწევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.