მიხეილ სარჯველაძე: „ქოლცენტრების საქმეზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, პოტენციურ ეჭვმიტანილთა წრისთვის საგამოძიებო მასალები ხელმისაწვდომი გახდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ „ქოლცენტრების საქმეზე“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე ისაუბრა.

„სხვათა შორის, გულწრფელად გეტყვით, პირველი რეაქცია მქონდა, რომ ეს ინიციატივა არასერიოზული მომეჩვენა, მაგრამ დროდადრო უფრო მიმწვავდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ამ ხალხს ჩანაფიქრი აქვს, როგორც ჩანს, ვიღაცას ნებსით, ვიღაცას უნებლიედ, ვერ დავადანაშაულებ ახლა კონკრეტულ წევრს, ან კონკრეტულ ოპოზიციონერს, რომ განზრახ აკეთებს, შეიძლება სულაც გულგრილად უყურებს ამ გამოძიებას და სხვა ინტერესები ამოძრავებდეს, ფაქტი ის არის, რომ დღითი დღე უფრო სერიოზული ხდება კითხვის ნიშანი მოტივაციასთან დაკავშირებით. ძალიან დიდია რისკი, რომ გამოძიების ინტერესები დაზიანდეს, თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება. თუ გამოძიების ტაქტიკა რაღაც ეტაპზე მოითხოვს საჭიროებას, რომ გარკვეული ინფორმაცია არ იყოს წინასწარ გამოძიების მიმდინარეობისას გამჟღავნებული და განსაკუთრებით ხელმისაწვდომი პოტენციურ ეჭვმიტანილთა წრისთვის, ეს ინტერესი სრულიად დაუცველი აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიას ექნება წვდომა გამოძიების მასალებზე. და ასეთი წვდომა რომ ექნება საგამოძიებო კომისიას, ეს რასაკვირველია, ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა სარჯველაძემ “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები