“ოპოზიცია, ბოლშევიკების მსგავსად, სასამართლოში კონკრეტულ ჯგუფს კლანის იარლიყს აკრავს” – მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანა საბოტაჟია.
„ოპოზიციას ვერ ვასწავლით ვერც კონსტიტუციას და ვერც რეგლამენტში, ჩვენ მათ რეპეტიტორებად არ გამოვადგებით. კონსტიტუციის დარღვევის მიმართულებით თუ მიდიოდნენ, აბსოლუტურად სხვანაირად უნდა ემსჯელათ. მგონია, რომ იურისპრუდენციაში რაღაც მესმის და მეც ვეღარ ვიგებ, რას ლაპარაკობენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ. მათი მხრიდან კომისიის მიზანია, რომ კლანია თურმე სასამართლოში და უნდა დაადგინონ. როგორც ბოლშევიკები აკრავდნენ იარლიყებს, ასე აკრავენ ესენიც სასამართლოში კონკრეტულ ჯგუფს კლანის იარლიყს. ამით ცდილობენ, კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელშემშლელი კიდევ ერთი ფაქტორი გააჩინონ იმის კვალდაკვალ, რასაც ისინი მიყვებიან.
სტატუსს ვერ მივიღებთ და ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდესო. საკუთარ განცხადებებში თავს ვერ იკავებენ. საშუალებას არ მივცემთ, მათ მიერ გამოგონილი საბჭოთა ნარატივი იარლიყის მიწებებით მცდელობით, გამოიყენონ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ. ამბობენ, თუ მივიღებთ, ხალხი მიიღებს თუ არა „ქართული ოცნების“ ბრალი იქნებაო. წარმოიდგინეთ, რას ალაგებენ და რა მავნებლობას სჩადიან ამ ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.