„დარწმუნებული ვარ, მსოფლიო საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად აღიარებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის” პრეზენტაციაზე ღვინის კულტურის შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიო საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად აღიარებს. “მინდა გავიხსენო 2006 წელი, როცა სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში ვიყავი და „New Your Times“-ში აღმოვაჩინე სტატია სახელწოდებით – “საქართველო – ღვინის აკვანი”. ეს იყო დიდი ბედნიერება ჩემთვის – დადასტურება იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის აკვანი და ღვინის უძველესი კერა. ვაზი და ღვინის კულტურა ქართველობის იდენტობის ტოლფასია. ქართული მეურნეობის ისტორია ქართული ვაზის ისტორიასთანაა დაკავშირებული. რომ არა ვაზის უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება, ამ პატარა მიწაზე ვაზის 500-ზე მეტი ჯიშის არსებობა წარმოუდგენელი იქნებოდა”, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში ღვინის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და სწორედ საქართველოში იყო კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი. “თუმცა, თანამედროვე მეთოდებით ფუნდამენტური შესწავლა და სათანადო საერთაშორისო აღიარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ, ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, ამ სამუშაოების შემდეგ მსოფლიო საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად აღიარებს. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით, მაგრამ მას სჭირდება აღიარება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციებს ისიც ამყარებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობაში “წყვეტა არ მომხდარა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები