უკრაინა ძიუდოში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, მასზე რუსების დაშვების გამო, გამოტოვებს
უკრაინის ძიუდოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, რადგან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) შეჯიბრში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩემპიონატი ყატარში 7-დან 14 მაისამდე ჩატარდება.
უკრაინის ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის და ბელარუსის გუნდების უმეტესობას “სპორტსმენები წარმოადგენენ, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. იმ არმიის ნაწილი, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2022 წლის 24 თებერვალს და დღემდე აწარმოებს სასტიკ სრულმასშტაბიან ომს ჩვენს ტერიტორიაზე. არმიის, რომელიც ყოველდღიურად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს, ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს. 250-ზე მეტმა უკრაინელმა სპორტსმენმა სამშობლოსთვის სიცოცხლე გაწირა, მათ შორის არიან ძიუდოს წარმომადგენლებიც”.
აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებაში არ ჩანს “ნეიტრალიტეტი, თანაბარი პირობები და „მშვიდობისკენ მიმავალი ხიდი“, რაზეც საუბარია IJF-ის გადაწყვეტილებაში.
“უფრო მეტიც, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2023 წლის 28 მარტის რეკომენდაციებს, სადაც IOC ამბობს, რომ ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეები არ არიან”, – ხაზგასმულია განცხადებაში.