მაია ფანჯიკიძე რუმინეთის ამბასადორიალი მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე რუმინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების შეხვედრაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ქეთრინ ეშტონთან და მოლდოველ კოლეგა ნატალია გერმანთან ერთად რუმინეთის ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
ამბასადორიალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის, მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ნატალია გერმანის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტიტუს კორლეცეანის შეხვედრა გაიმართა.
ამბასადორიალის გახსნის ცერემონიაზე რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართველ და მოლდოველ კოლეგებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. რუმინელ დიპლომატებს მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, მან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. გამოსვლის დასასრულს მან დიპლომატების შეკითხვებს უპასუხა.
ამბასადორიალის მონაწილეებს დღესვე სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი პირისპირ შეხვედრა რუმინელ კოლეგასთან, ასევე რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები