გივი მიქანაძე: ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ დეგრადაციას, დღითი დღე პარტია მიექანება უფსკრულში, რომლიდანაც გამოსავალი არ არის

გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ ახერხებდა და ეს საჯაროდ არ გამოჰქონდა, მაგრამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ იმდენად ღრმა კრიზისში შევიდა ეს პოლიტიკური სუბიექტი, რომ უკვე ინდივიდუალურად, ერთმანეთს ესხმიან თავს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესებისა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს”.

„გამოიყენეს ყველა ის მეთოდი, რომელიც მათთვის არის ჩვეული, იმიტომ რომ სწორედ ამ მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებს ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი, რომ პოლიტიკურად ვერანაირ წინსვლას ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ეს დადასტურდა არაერთ არჩევნებში და ორ კვირაში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე ერთი კანდიდატურაც კი არ დაუყენებიათ, იმიტომ რომ არანაირი რესურსი არ აქვთ. რესურსის არარსებობა დაადასტურა იმ გარემოებამაც, როდესაც ხაბეიშვილმა დააანონსა და ჩვენ ვნახეთ რეგიონებში ჩატარებული აქციები, სადაც 10-15 ადამიანი ძლივს გროვდებოდა, ზოგან კი დაანონსებული აქცია საერთოდ გაუქმდა. შემდეგ იყო მცდელობა, რომ გამოეყენებინათ რაღაც ტალღა და მიზანმიმართულად შეარჩიეს ამისთვის 9 აპრილი, მაგრამ რადიკალებმა საზოგადოებისგან მიიღეს შესაბამისი პასუხი. ეს იყო მათი სრული ფიასკო, როცა 9 აპრილს ვერაფერი შეძლეს და საზოგადოება ვერ აიყოლიეს იმ აბსურდულ მოთხოვნებზე, რომელზეც თვითონ არ არიან ჩამოყალიბებულები. ჩვენ ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ დეგრადაციას, დღითი დღე ეს პარტია მიექანება უფსკრულში, რომლიდანაც გამოსავალი არ არის“, – თქვა მიქანაძემ “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები