ბექა ოდიშარია: პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? – მოიკითხეთ, აბა!
პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? – მოიკითხეთ, აბა! დეპუტატებს მთავრობის ნებართვა ხომ არ სჭირდებათ? ადგნენ და წაბრძანდნენ! – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების ვიზიტიც იგეგმებოდა.
ოდიშარია აცხადებს, რომ დეპუტატები სადაც უნდათ, იქ დადიან და სტრასბურგშიც შეეძლოთ, წასულიყვნენ.
„წასულიყვნენ, 17- ში არ არის? ვერ გავიგე, პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდათ გაფრენა? ამაზე წუხან? – მოიკითხეთ აბა. დეპუტატებს ნებართვა ხომ არ სჭირდებათ მთავრობის? ადგნენ, ჩემო ბატონო და წაბრძანდნენ. აგერ, „ვიკენდებზე“ დადიან, ჩაშალეს კომისიის შექმნის საკითხი. როცა უნდათ, სადაც უნდათ, იქ მიბრძანდებიან ქალიც და კაციც და რას წუხან, ვერ გავიგე“, – განაცხადა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტის და მისი დელეგაციის გამგზავრებაში ხელოვნურად ხელი არავის შეუშლია.
„შესაფასებელიც არაფერი გახლავთ, როცა წერილი შედის კონკრეტულ თარიღში და მეორე დღესვე ხდება პასუხის გაცემა, მით უმეტეს დადებითის, ფაქტები თავისთავად მეტყველებს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ხელი არავის შეუშლია, ხელოვნურად ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის და თანმხლები პირებისთვის, ვგულისხმობ დელეგაციას, რომ გამგზავრებულიყვნენ და მიეღოთ შესაბამის პლატფორმაში მონაწილეობა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.