სარჯველაძე – BBC-ის საგამოძიებო ფილმზე: დილემის წინაშე იმყოფებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, რომლებიც კეზერაშვილთან არიან აფილირებული

„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია. სავარაუდოა, რომ ამას სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით გაგრძელება მოჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც BBC-ის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ფილმის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

„დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით ყველა იმ პირს დაადგა თავს, ვინც სხვადასხვა ფორმით პოლიტიკაში ჩართულია და აფილირებულია დავით კეზერაშვილთან. ოპოზიციის საუბარი იმის თაობაზე, სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, ქართველი სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და გააკეთეს ზუსტად ის, რაც მათ ევალებოდათ. მათ ამ კუთხით სასაყვედურო არაფერი აქვთ. ადგილი აქვს ყურადღების გადატანის მცდელობას კრიტიკის მიზეზის მოსაძებნად, რათა თავიდან აიცილონ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მოვალეობა, რაც კეზერაშვილთან დაკავშირებით მათ პოზიციას უკავშირდება. ცდილობენ, ამაზე პირდაპირ პასუხებს თავი აარიდონ და ამისთვის ტაქტიკური ხერხი გამოიყენონ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციები გააჟღერონ. „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია. სავარაუდოა, რომ ამას სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით, გაგრძელება მოჰყვება. მორალური დილემის წინაშე არიან დარჩენილი პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და ექსპერტები, რომლებიც კეზერაშვილთან არიან აფილირებული. მათ პოლიტიკაში მოღვაწეობისა და პროდასავლურობაზე საუბრის მორალური უფლება რომ ჰქონდეთ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ თემაზე კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გამოაქვეყნა.
თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.
ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები