“ეს იქნება საქართველოს ბიუჯეტის შევსება” – აფხაზეთში “თბილისთან სავაჭრო ურთიერთობის” დამყარებაზე იმსჯელეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის შესაძლო ტრანზიტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ასლან ბჟანიამ გასულ წელს შექმნა.
შეხვედრაზე ასლან ბჟანიას განკარგულება განიხილეს, რომელიც იმ საქონლის და აღჭურვილობის ჩამონათვალს არეგულირებს, რომელთა გადატანა “საქართველოს საზღვარზეა შესაძლებელი”.
ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ “საქონელი, რომელიც საზღვარს გადაკვეთს, უნდა დამუშავდეს აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად”.
გალის რაიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ჯგუფის წევრმა, თემურ ნადარაიამ თქვა, რომ “აფხაზეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის წინააღმდეგია”.
მისი თქმით, „სათადარიგო ნაწილების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩამოტანა შესაძლებელია თურქეთიდანაც. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა თურქეთთან, გემები დაცურავენ“.
„ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ ჩვენმა საბაჟო ორგანოებმა საქართველოდან ტვირთები აღრიცხონ. ეს რეალურად ნიშნავს საქართველოს ბიუჯეტის შევსებას, საზღვრის ცალმხრივად გახსნას და აფხაზეთიდან საქართველოს სასარგებლოდ ფულის ნაკადს“, – განაცხადა მან.
ფილიამ კი აღნიშნა, რომ ნაადრევია “აფხაზეთში რაიმე სახის საქონლის ტრანსპორტირებაზე საუბარი, სანამ საზღვარზე საბაჟო და სხვა საჭირო სერვისები სათანადოდ არ იქნება აღჭურვილი”.
„საუბარია თურქულ, ირანულ, სომხურ საქონელზე. თუ ადრე ჩვენს მოსახლეობას 50 კგ-ს გადატანა შეეძლოთ, ახლა ტვირთის წონა 600 კგ-მდეა გაზრდილი“, – განმარტა მან.