კულტურის კომიტეტმა ქედის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, მაღალმთიან აჭარაში სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტში საკომიტეტო მოსმენა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაზე ინფორმაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ წარადგინეს.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კულტურის მიმართულებით ბიუჯეტიდან 30 მლნ. ლარია გამოყოფილი, რომელიც კულტურის ყველა სფეროზე და მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებაზე ნაწილდება. მისივე განცხადებით, სახელმწიფო დაფინანსებით 4 500-მდე მოსწავლე-ახალგაზრდა უფასოდ ეუფლება სახელმწიფო განათლების სხვადასხვა საფეხურს.

კულტურის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ სახელოვნებო განათლების განვითარების კუთხით საკანონმდებლო ორგანო მზადაა მხარდაჭერა გამოუცხადოს ყველა იმ პროგრამასა და პროექტს, რომელიც რეგიონებში აღნიშნულ სფეროს შეუწყობს ხელს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრისგან და ასევე ქედის მუნიციპალიტეტის მერისგან საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ სახელოვნებო განათლების მდგომარეობის შესახებ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ კიდევ უფრო საინტერესო შედეგებს ველოდებით მომავალში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.

სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო განათლების მდგომარეობის მონიტორინგის შესწავლის საფუძველზე, კომიტეტი თემატური მოკვლევის ჯგუფს შექმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები