სარჯველაძე – ოპოზიციაზე: თვითონაც იციან, რომ მათ სჭირდებათ მუშაობის გარკვეული იმიტაციები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა და შემდეგ გადადება მათი მხრიდან მუშაობის იმიტაციაა.

“ჩემი ვარაუდით, ოპოზიციაში თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ არის გარკვეული გუნდი, რომელიც თუ თვითონ არ იქნება შემოქმედი რაღაც პოლიტიკური მეჯლისების, არ აქვს სურვილი, რომ ჩართული იყოს. სხვა უფრო დამაჯერებელი ახსნა მე არ მესახება.

რეალურად, ამ მოთხოვნების უკან, მე ვფიქრობ, რომ არც არაფერი შინაარსიანი არ იყო. ხომ ასე მუშაობს პარლამენტი: ერთი კვირა არის კომიტეტის სხდომები და მეორე კვირაში იმართება პლენარული სხდომები. მომდევნო კვირაში, 18 აპრილს დაგეგმილია პლენარული სხდომა. რატომ არის შეუძლებელი, რომ მოითმინოს 18 აპრილამდე და რატომ არის აუცილებელი, რომ საგანგებოდ დაინიშნოს პლენარული სხდომა საკომიტეტო კვირაში? ინიშნება კომიტეტის სხდომები, ადამიანებს აქვთ კონკრეტული გეგმები დასახული, მაჟორიტარები დადიან სადღაც და ნიშნავ სამი დღით ადრე – რას წყვეტს? უბრალოდ, ვინმემ ამიხსნას და კი ბატონო. თვითონაც იციან, რომ მათ სჭირდებათ მუშაობის გარკვეული იმიტაციები”, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა, თუმცა, 10 აპრილის საღამოს, 2 დეპუტატის საზღვარგარეთ გამგზავრების მიზეზით, გადაიფიქრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები