“მეპატრონეებს დაევალებათ, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ, ცხოველის იდენტიფიცირების ერთ-ერთი საშუალება დაჩიპვაა” – „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი
“მეპატრონეებს დაევალებათ, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ, ეს კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგისტრაციის ბაზაში ვეტერინარული მანიპულაციების შესახებ ინფორმაცია, ასევე, მეპატრონის შესახებ მონაცემები იქნება განთავსებული.
როგორც მან აღნიშნა, ცხოველების იდენტიფიცირების ერთ-ერთი საშუალება ჩიპირებაა. კობიაშვილმა განმარტა, რომ ცხოველის სხეულში მიკროჩიპის ჩადგა ხდება, რომელიც ცხოველის და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
“დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველები და არა მარტო მიუსაფარი, არამედ პატრონიანი ცხოველებიც ნამდვილად აქტუალური საკითხია იმიტომ, რომ ძირითად შემთხვევაში პატრონიანი ცხოველები რეგისტრირებულები არ არიან. პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს. მეპატრონეებს დაევალებათ, საკუთარი ცხოველი დაარეგისტრირონ, ეს კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. დღეს საკრებულოს დადგენილებით მეპატრონეებს ვალდებულება აქვთ, რომ თავიანთი ცხოველი 1 თვის ვადაში დაარეგისტრირონ. ეს დადგენილება თბილისის მასშტაბით მოქმედებს. აღნიშნული ჩვენთან და ყველა უფლებამოსილ სამსახურში ჩიპირების საშუალებით ხდება. ვფიქრობ, ეს დააჩქარებს პროცესებს, რისთვისაც ჩვენი სააგენტო მუშაობს. აქ ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვა იგულისხმება. ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, რომ ყველა პატრონიანი ცხოველი დარეგისტრირდეს, რათა რეგისტრაციის ბაზა შეიქმნას. აქ იქნება ინფორმაცია ვეტერინარული მანიპულაციების შესახებ, ასევე, მეპატრონის შესახებ მონაცემები. ვფიქრობ, ეს ჩვენი სააგენტოს საქმიანობას ძალიან შეუწყობს ხელს. ასე რომ, ამ კანონის მიღებას ველოდებით.
რაც შეეხება ჩიპირებას – ჩიპირება იდენტიფიცირების ერთ-ერთი საშუალებაა. მიკროჩიპის ჩადგა ცხოველის სხეულში ხდება. სპეციალური წამკითხველით კი ხდება ინფორმაციის წაკითხვა ცხოველის, მისი მეპატრონის შესახებ. ჩიპირების გაკეთება ერთჯერადად ხდება. ჩვენს სააგენტოში, მუნიციპალურ თავშესაფარში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მობრძანდეს და თავის ცხოველი დაჩიპოს, თავის საკუთრებაში დაარეგისტრიროს. ამ ჩიპის საშუალებით, ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მისი მოძიება გაცილებით მარტივად მოხდება. თუ პირი ცხოველს ქუჩაში გააგდებს, მეპატრონის იდენტიფიცირება მოხდება, მისი ტელეფონი, მისამართი – ეს ინფორმაცია რეგისტრაციის ბაზაში იქნება დატანილი. პასუხისმგებლობა მეპატრონეს ეკისრება, რადგან ქუჩაში ცხოველის უმეთვალყურეოდ დატოვება ხდება. საკრებულოს დადგენილებით, მეპატრონის ვალდებულება მოვლა-პატრონობის წესებშია გაწერილი. ეს ჯარიმას ექვემდებარება, ახალი კანონის დახმარებით კი ამ წესების გამკაცრება მოხდება, ჯარიმები გაცილებით მაღალი იქნება. ეს მეპატრონეების პასუხისმგებლობას მეტად ამაღლებს, რათა ცხოველები უმეთვალყურეოდ არ დატოვონ. ეს შემდეგ ჩვენ გვიქმნის პრობლემას, რადგან მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ერთ-ერთი წყაროა”, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე