ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს 7-8 მარტის აქციებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეზე უნდა დაისაჯონ ორგანიზატორებიც, თუკი გამოძიებას მყარი მტკიცებულებები ექნება.
„ძალიან უცნაურია, რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდეს ადამიანს, როგორ შეიძლება გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობაში და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში. ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. ბუნებრივია, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, თუკი გამოძიებას ექნება მყარი მტკიცებულებები. კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და დღეს ეფარება კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში და მეორეს მხრივ, ცდილობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით მას მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა მდინარაძემ.