კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის შედეგები ევროპელ ექსპერტებთან ერთად წარადგინა
კომუნიკაციების კომისიამ, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევის პირველი ეტაპის შედეგები ტელეკომ სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისისა („AA Facility”) და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომ სექტორის კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში, ექსპერტებმა მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრების შესწავლა დაასრულეს
. სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტის ფარგლებში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ევროპელ ექსპერტებთან ერთად ახორციელებს, დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებული და მობილური მომსახურებების კონკრეტულ ბაზრებზე წინასწარი (ე.წ. Ex-ante) რეგულირების საჭიროება არსებობს. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რეგულირების მიზნებისთვის შეფასებას უნდა დაექვემდებაროს ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ე.წ. „Bitstream” სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი. შემდგომ ეტაპზე კი ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, საჭიროა განისაზღვროს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და შესაბამისი ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნას, მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებასა და კონკურენციის ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება საბოლოო მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მომსახურებების ხელმისაწვდომობაზე.
კვლევის ფარგლებში პირველ ეტაპზე განისაზღვრა ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებების შესაბამისი საცალო ბაზრები, რომლებიც მოიცავს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების შეთავაზებების საბაზრო სეგმენტებს. ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებების შეთავაზებების ბაზარზე განვითარების ტენდენციების, საბაზრო წილების დინამიკის, ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და კონკურენციის პერსპექტიული ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ აღნიშნული საცალო ბაზარი არ არის საკმარისად კონკურენტული და საბითუმო სეგმენტზე წინასწარი (ე.წ. Ex-ante) რეგულირების გარეშე, ეფექტური კონკურენციის განვითარება არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიქსირებული მომსახურებების სეგმენტზე ეფექტიანი კონკურენციის მისაღწევად, რაც თავის მხრივ საბოლოო მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების შეთავაზებების ფართო არჩევანსა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, საჭიროა წინასწარი რეგულირების მიზნებისთვის შეფასდეს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების, ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტის მომსახურებებზე დაშვების – ე.წ. „Bitstream”-ისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები. კვლევის ფარგლებში, ასევე შეფასდა მობილური მომსახურებების: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და მობილური ინტერნეტის საცალო სეგმენტები, რის მიხედვითაც, საქართველოში ერთი მხრივ, მობილური მომსახურებების ბაზრის მოთამაშეების წილები უცვლელია, ხოლო მეორე მხრივ, შეთავაზებების კონკურენტული ბაზრისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება და ქსელის მფლობელი ოპერატორების მხრიდან ქსელის რესურსების ეფექტური განვითარების საკმარისი მზაობა არ შეინიშნება.
ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მობილური მომსახურებების საცალო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი საბითუმო ბაზრების სიღრმისეული შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში, პროპორციული და ეფექტიანი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრა. კვლევის ფარგლებში, მობილურ ქსელზე საბითუმო დაშვების სეგმენტიც შეფასდა და აღნიშნულ ბაზარზე წინასწარი რეგულირების საჭიროება გამოიკვეთა. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით, ტელეკომ სექტორის სრულფასოვანი კვლევა გასული წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, შედეგებისა და საჭიროებიდან გამომდინარე, გამოვლინდებიან სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და განისაზღვრება შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და მომხმარებელს ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისები შესთავაზონ. პროექტს კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისის „AA Facility”-ის ხორვატი, ბელგიელი, სლოვენიელი და ბრიტანელი ექსპერტები ახორციელებენ.
მუშაობა დაწყებულია კომპლექსური კვლევის შემდეგ ეტაპზე და კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ მხარეებს შედეგებს ეტაპობრივად გააცნობს.