ვლადიმერ ბოჟაძე: როდესაც პრეზიდენტი ფერისცვალებაზე საუბრობს, დაუსვას თავს კითხვა – ეს ის ზურაბიშვილია, რომელიც ავირჩიეთ?

როდესაც პრეზიდენტი ფერისცვალებაზე საუბრობს, თავად დაუსვას საკუთარ თავს კითხვა – ეს ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიეთ, თუ სხვა სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ახლა სულ სხვა განცხადებებს აკეთებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოველწლიური მოხსენებისას გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს.

მისი თქმით, 2018 წელს „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა, რადგან ის ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“.

„ცოტა გაუგებარი იყო ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების მიმართ. როდესაც ფერისცვალებაზე საუბრობს პრეზიდენტი, თავად დაუსვას საკუთარ თავს კითხვა – ეს ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიეთ, თუ სხვა სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ახლა სულ სხვა განცხადებებს აკეთებს.

2018 წელს, პირადად მე და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დავუჭირეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯობდა გამხდარიყო სალომე ზურაბიშვილი და არა გრიგოლ ვაშაძე. 2018 წელს, ჩვენ სალომე ზურაბიშვილი არ აგვირჩევია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტად, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად და დღემდე ის ითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტად, თუმცა დღეს ოპოზიციამ, როგორც იქნა სალომე ზურაბიშვილი აღიარა როგორც პრეზიდენტი, მაგრამ აღიარეს, როგორც რადიკალური ოპოზიციის პრეზიდენტად და არა საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ბოჟაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტს გზავნილები, შორს იყო ობიექტურობისგან არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ქვეყანასთან მიმართებაში.

„თავად ახსენა ასოცირების ხელშეკრულება და მასზე ხელმომწერი ირაკლი ღარიბაშვილი იჯდა პარლამენტში და მას დაუწუნა ევროპული არჩევანი, ისაუბრა უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, საკუთარ არჩევნებზეც და მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ფერი გვიცვლია თუ კურსი შეგვიცვლია, ოღონდ ეს რაში გამოიხატება, ვერ თქვა.

სალომე ზურაბიშვილი ავირჩიეთ, იმიტომ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღმდგარიყო და პირველი რესპუბლიკის დევნილი მთავრობის შთამომავალი გამხდარიყო ხელახლა დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს პრეზიდენტი და არა „კაგებეშნიკი“ გრიგოლ ვაშაძე. ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მხარი დავუჭირეთ, იმიტომ, რომ ის ყოფილიყო ყველას პრეზიდენტი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“. ახლა აღმოჩნდა, რომ ზურაბიშვილი არავის პრეზიდენტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები