ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტს წითელი ხაზები ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ფეხი რამდენჯერმე გადასცდა და საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებასთან ახლოს დგას
აღმოჩნდა, რომ ქართველ ხალხს 2018 წლის არჩევნებში არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონია გასაკეთებელი, აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ნანობს და ჩემს სინანულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. შესაძლოა, მას წითელი ხაზები ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ფეხი რამდენჯერმე გადასცდა და საქართველოს ძირეული ინტერესების დაზიანებასთან ახლოს დგას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში, რომელმაც დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა.
“დღეს პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ამ გზისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა. პარლამენტში მისი გამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო რესტარტი – მიცემული პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. მან ყველა შესრულებულ რეკომენდაციას “ფორმალურად შესრულებული“ უწოდა და უაპელაციოდ მოახდინა იმის დეკლარირება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კურსს გადაუხვია. საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებში “ჩაჯდა“. დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის გამოსვლა, არამედ ეს იყო გამოსვლა მიზნის დაზიანებისათვის. მიზნის დაზიანებისათვის მან “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ცნობილი მესიჯი გამოიყენა“, – თქვა ქადაგიშვილმა.