მდინარაძე – ზურაბიშვილს: ჩვენ ვიცით “ნაცმოძრაობის” მიზნები და ეს არის პოლარიზაცია, დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია
მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გაკეთებულ მოხსენებას.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი “ნაცმოძრაობის” ნარატივს აგრძელებს.
“წინა დღეებშიც ამის მოლოდინი დავაფიქსირეთ. ოღონდ ამას თავისი კონკრეტული მიზნები გააჩნია. 2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლებაში, დაიგეგმა სპეცოპერაცია “ქართული ოცნების” პიარული “გარუსების” შესახებ. ამ მავნებლობის მსხვერპლი ქალბატონი სალომეც გახლდათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ეს გრძელდება დღესაც. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მიზნად დაისახა, ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი გამოსვლის ეს გახლდათ. ჩვენ ვიცით “ნაცმოძრაობის” მიზნები და ეს არის პოლარიზაცია . დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია. სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას”, – განაცხადა მდინარაძემ.