კობახიძე – სააკაშვილზე: გამაოგნებელია, რომ მისივე ოჯახია ჩართული თვითდაზიანებაში და შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები
პატიმარი ახორციელებს თვითდაზიანებას, იმის იმედით, რომ ეს გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი. ასევე გამაოგნებელია, რომ მისივე ოჯახია ჩართული ამ თვითდაზიანებაში და შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სააკაშვილს გაითვალისწინოს მედიკოსების რეკომენდაციები.
„ზოგადად წარმოუდგენელი რამ ხდება „ვივამედში“, აბსოლუტური ზრუნვაა პატიმარ სააკაშვილზე, მიუხედავად იმისა, რომ ის უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული. ამ ფონზე პატიმარი ახორციელებს თვითდაზიანებას, იმის იმედით, რომ ეს გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი. ასევე გამაოგნებელია, რომ მისივე ოჯახია ჩართული ამ თვითდაზიანებაში და შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ჩვენი მოწოდება სააკაშვილის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ, შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და მიიღოს პატიმარმა სათანადო კალორაჟის საკვები. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როდესაც თვითდაზიანება ხორციელდება, ეს არის ერთგვარი წნეხი მედპერსონალზე. ჩვენ ვნახეთ კადრებში, როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ და როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ეს არის ღირსებას მოკლებული დამოკიდებულება. როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა სააკაშვილს ადამიანების მიმართ პრეზიდენტობის დროს, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს ახლა, როდესაც პატიმარია, მედპერსონალის მიმართ. ეს არის კატასტროფა და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და აქედან გამომდინარე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შეფასება“, – აღნიშნა კობახიძემ.