“ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხის განხილვასთან არიან ახლოს” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხის განხილვასთან არიან ახლოს.

ამის შესახებ Index-ი წერს.

ორბანმა აღნიშნა, რომ დასავლელი ლიდერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობაზე, თუმცა, კონკრეტულად ვინ და რა დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მას არ დაუზუსტებია.

“ახლოს ვართ იმ ფაქტთან, რომ ევროპელი ლიდერებისთვის ლეგიტიმური გახდება ფრონტზე სამშვიდობო ძალების გაგზავნა. თუ ასე გაგრძელდა, მესამე მსოფლიო ომამდე მივალთ”, – თქვა ორბანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ევროკავშირის ლიდერები კამათობდნენ იმაზე, იყო თუ არა დასაშვები უკრაინაში იარაღის გაგზავნა და დღეს უკვე სულ უფრო მეტი მძიმე იარაღი იგზავნება.

“დასავლეთში ამბობენ, რომ უკრაინის მხარდაჭერაა საჭირო, რადგან ასეა სწორი. მაგრამ ეს ასე არ არის. სასწორზე მსოფლიო ომისა და მსოფლიო მშვიდობის საკითხი დევს”, – განაცხადა ორბანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს, 31 მარტს უნგრეთის პარლამენტი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით რეზოლუციას მიიღებს.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, არამედ – ცეცხლის შეწყვეტაზე. თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, მაშინ იქნება შანსი, ვიფიქროთ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. პირველ ყოვლისა, უნდა შეწყდეს ცეცხლი, რომ მეტი ადამიანი არ დაიღუპოს, რომ ქალაქები აღარ დაინგრეს, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ მოკვდეს. თუ ეს მოხდება, მაშინ შესაძლოა, გარღვევაც მოხდეს“, – განაცხადა ორბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები