ფლორიდის გუბერნატორი ტრამპის ექსტრადირებას არ უზრუნველყოფს
ფლორიდის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი, რონ დესანტისი გმობს ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ფლორიდის შტატი “ტრამპის ექსტრადირებას ხელს არ შეუწყობს”.
ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
„სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტად გადაქცევა კანონის უზენაესობას თავდაყირა აყენებს. ეს არ არის ამერიკული წესი”, – წერს პოლიტიკოსი.
მისი თქმით, მანჰეტენის პროკურორი კანონს არღვევს, რომ თავს დაესხას პოლიტიკურ ოპონენტს.
“ფლორიდა ექსტრადიციის მოთხოვნას ხელს არ შეუწყობს, საეჭვო გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება მანჰეტენის პროკურორის და მის პოლიტიკურ გეგმებს”, – წერს დესანტისი.
რონ დესანტისი დონალდ ტრამპის, სავარაუდოდ, მთავარი კონკურენტი იქნება რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში.
მანჰეტენის დიდმა ჟიურიმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მხარი დაუჭირა. საქმე ეხება ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებებიდან ერთ-ერთს, რომელიც შეეხება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს (ნამდვილი სახელია – სტეფანი კლიფორდს), რომელსაც სავარაუდოდ დუმილის სანაცვლოდ ტრამპმა ფული გადაუხადა.
ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შემდეგ, მანჰეტენის ოლქის პროკურორი, ელვინ ბრეგი, სავარაუდოდ, ტრამპს ბრალს ოფიციალურად წაუყენებს. ყოფილ პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში სასამართლოში გამოცხადება მოუწევს, სადაც მას დააპატიმრებენ, რის შემდეგაც საქმის პირველი სხდომა გაიმართება.
CBS ტრამპის ადვოკატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის პროკურატურას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, 4 აპრილს ჩაბარდება.