თენგიზ ცერცვაძე – „DRG სისტემის შემოღებამ უკვე სერიოზული შედეგები დადო“

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელმა უკვე სერიოზული შედეგები დადო. ამის შესახებ ცერცვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფო თანდათან იმისკენ მიდის, რომ მოსახლეობამ ჯიბიდან რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს და საყოველთაო ჯანდაცვამ ხარჯების რაც შეიძლება მეტი ნაწილი აანაზღაუროს.

„საყოველთაო ჯანდაცვის რაციონალიზაცია ხორციელდება, რათა ის სახსრები, რომლებიც სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვისთვის აქვს გამოყოფილი, მოსახლეობისთვის უფრო მაღალი სარგებლით იყოს გამოყენებული. ამისთვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სერიოზული კვლევა ჩაატარა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაეცნო, ანაზღაურების პრინციპულად ახალი მოდელი შემოიღო. საუბარია ე.წ. დაავადების დიაგნოზთან შეჭიდულ ანაზღაურების მოდელზე, ე.წ. DRG-ზე. ამასაც სამედიცინო სექტორში გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა. განაწილების ძველი წესის დროს არასამართლიანი განაწილება იყო, რაღაც დარგები მეტ სარგებელს ნახულობდნენ, რაღაცები იჩაგრებოდნენ. DRG-ის პირობებში მედიცინის სხვადასხვა დარგებს შორის მაქსიმალური სამართლიანობა უნდა იყოს მიღწეული, ასევე, მოსახლეობისთვის მაქსიმალური სიკეთე და ხელმისაწვდომობა. კერძოდ, სახელმწიფო თანდათან იმისკენ მიდის, რომ მოსახლეობამ ჯიბიდან რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს და ამ საყოველთაო ჯანდაცვამ ხარჯების რაც შეიძლება მეტი ნაწილი აანაზღაუროს. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად ვერ მოხერხდება, ვერცერთ ქვეყანაში ვერ ხერხდება ის, რომ სახელმწიფო მედიცინაზე დანახარჯებს მთლიანად ანაზღაურებდეს. ამიტომაა კერძო დაზღვევები, სხვა მექანიზმები. მაგრამ, DRG სისტემის შემოღებამ უკვე დადო სერიოზული შედეგები, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო და ხარისხი ამაღლებულიყო. ისევ შენარჩუნებულია დიფერენცირებული მიდგომა. მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ხარჯს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ასევე, პენსიონერებისთვის ხარჯის მეტ ნაწილს ფარავს, თანაგადახდა სულ 10 %-ია, რამდენადაც ვიცი, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც შედარებით გადახდისუნარიანია სხვა პრინციპები მუშაობს. ამ სისტემის შემოღებით საყოველთაო ჯანდაცვის ოპტიმიზაცია, რაციონალიზაცია სერიოზულად ხდება. ეს სისტემური ცვლილებაა და არა რაღაც კოსმეტიკური ცვლილება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები