თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ უკვე 81 000 პაციენტი განკურნა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ უკვე 81 000 პაციენტი განკურნა.

ამის შესახებ ცერცვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„C ჰეპატიტის დარგში საქართველო მსოფლიოში ყველას მიერ არის აღიარებული უპირობო ლიდერად. 2015 წელს საქართველო იქნა შერჩეული ძალიან სერიოზული საერთაშორისო ლიდერების მიერ, ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ეს იყო წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „გილიადი“, რომელმაც გამოიგონა რევოლუციური მედიკამენტი C ჰეპატიტის განსაკურნებლად, რომელიც მანამდე, პრაქტიკულად, უკურნებელი დაავადება იყო ან განიკურნებოდა ძალიან მცირე ნაწილი ძვირად ღირებული მკურნალობის ფასად. ეს იყო უზარმაზარი მნიშვნელობის სიკეთე, როგორც გაირკვა, მსოფლიო მედიცინისთვისაც, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ქართული მოსახლეობისთვის. ამ პროგრამამ უკვე განკურნა 81 000 პოტენციურად სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტი. საქართველოში ჯერ არ ყოფილა არცერთი ცალკე აღებული რომელიმე ჯანდაცვითი პროგრამა, რომელსაც ამდენი პაციენტის სიცოცხლე გადაერჩინოს და ისიც რაღაც 6-7 წელში. ამიტომ, ეს პროგრამა უპრეცედენტოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის გარეთ.
რაც შეეხება მის საერთაშორისო მნიშვნელობას, ისტორიაში ჩაიწერება და სტუდენტებს ასწავლიან სხვა ქვეყნებში, რომ პირველად მსოფლიოში საქართველომ შეძლო ცალკე აღებული ერთ-ერთი ქრონიკული ინფექციური დაავადების, C ჰეპატიტის აღმოფხვრა. ერთადერთი დაავადება, რომლის აღმოფხვრაც მოხერხდა, არის ყვავილი, მაგრამ ყვავილის აღმოფხვრაც 1980 წლისთვის მოხერხდა მასობრივი ვაქცინაციით და არა – მედიკამენტით. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2015 წელს დაიწყო, კომპანია „გილიადმა“ საქართველოს რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტი მიაწოდა. ვიდრე აღნიშნული მედიკამენტის ჯენერიკები გამოვიდოდა, C ჰეპატიტის მქონე ერთი პაციენტის მკურნალობა 88 000 დოლარი ჯდებოდა.
საქართველოში არა მხოლოდ ყველას უმკურნალეს, ვინც იცოდა, რომ ჰეპატიტი ჰქონდა, არამედ კარდაკარ მიმდინარეობს ტესტირებები, მოსახლეობას აწუხებენ ჯანდაცვის მუშაკები, რომ ჩააბარონ ტესტი C ჰეპატიტზე, გამოვლინდეს და თუ აქვთ, იქვე სთავაზობენ გამარტივებულ პირობებში მკურნალობას. განკურნების პროცენტული მაჩვენებელი 99 პროცენტია, ანუ, 100-დან 99 იკურნება და იმ ერთს, ვინც არ იკურნება, განმეორებითი მკურნალობა უტარდება, საბოლოოდ ისიც იკურნება. იმ რეჟიმებითა და მედიკამენტებით მკურნალობა, როგორც ჩვენთან არის ხელმისაწვდომი, ამერიკასა და ევროპაში მხოლოდ ყველაზე მაღალი დონის დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2025 წელს დასრულდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები