სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტში შრომითი უფლებებისა და ხელშეკრულებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

სპორტში შრომითი უფლებებისა და სპორტსმენებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საკითხებზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს.

საკითხის მომხსენებელმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „სოციალური დიალოგი სპორტში” ხელმძღვანელმა, კესარია ჩხიკვაძემ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც აღნიშნულ სფეროს უკავშირდება.
მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტულმა ფედერაციებმა სპორტსმენებთან კონტრაქტების მინიმალური მოთხოვნები მოამზადონ და ამ ფორმით შეათანხმონ შრომითი ურთიერთობები. მისივე თქმით, შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ ფედერაციებმა დავის განხილვის სისტემა შეიმუშაონ. სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მომხსენებლის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეგიონებში მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურების მოწესრიგება, რომელიც დღეისათვის საკმაოდ დაბალია.
აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად, კესარია ჩხიკვაძემ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადგან სპორტული ფედერაციები სახელმწიფო დაფინანსებებს სწორედ სამინისტროდან იღებენ, საჭირო და აუცილებელიც არის გაძლიერდეს სამინისტროს როლი, რათა სრულად შესრულდეს საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო ფედერაციების მიერ დაწესებული მოთხოვნები. სხდომაზე საკითხის თანამომხსენებელმა, შრომითი სამართლის ექსპერტმა, ზაქარია შველიძემ სპორტსმენსა და ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძვლებზე, ხელშეკრულების გაფორმებასა და მისი შეწყვეტის წინაპირობებზე და იმ სამართლებრივ რეგულაციებზე ისაუბრა, რასაც არსებული შრომითი კოდექსი ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე განხილულ თემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
კომიტეტის წევრებმა, სპორტული ფედერაციების და სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე კომიტეტთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და საკითხის მოგვარების გზებზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტში შრომითი უფლებების მოწესრიგებასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყო და მხარეებს შორის პოზიციების გაცვლა მოხდა.
მისივე თქმით, შეხვედრის მიზანს ფედერაციებისთვის სპორტულ კლუბებთან და სპორტსმენებთან ურთიერთობების კიდევ უფრო მოწესრიგების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ირაკლი მეძმარიაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტი ერთი თვის ვადაში სპორტული ფედერაციებიდან გამოგზავნილ წინადადებებს გაეცნობა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაგრძელდება მსჯელობა თუ რა ფორმით მოხდება არსებული გამოწვევების დაძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები