თენგიზ ცერცვაძე: „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ“ სახელმწიფოს საშუალება მისცა, მოსახლეობისთვის ხარისხობრივად მაღალი დონის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა შეეთავაზებინა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ“ სახელმწიფოს საშუალება მისცა, რომ მოსახლეობისთვის ხარისხობრივად მაღალი დონის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა შეეთავაზებინა. როგორც ცერცვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების დონის ქვეყნებს შორის, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს ჯანდაცვა საუკეთესოა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას“ ახლახან 10 წელი შეუსრულდა. ეს პროგრამა შემოღებული იქნა იმისთვის, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდების სექტორი რეგულაციების გარეშე არ ყოფილიყო. ის მთელ რიგ რეგულაციებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, პაციენტებისთვის სხვადასხვა ამბულატორიული და სტაციონური სერვისების რეგულირება, მიწოდება ხდება ისე, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა მაღალი იყოს, შესაძლოა, მთლად ისეთი დონის არა – როგორიცაა, ვთქვათ, გერმანიაში, ამერიკაში ან სხვა განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარების ქვეყნებს შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ისევე როგოგოც c ჰეპატიტის ელიმინაციის, ტუბერკულოზის პროგრამამ, სახელმწიფოს საშუალება მისცა, რომ მოსახლეობისთვის ხარისხობრივად მაღალი დონის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა შეეთავაზებინა. ჩვენნაირი ეკონომიკურ განვითარების დონის ქვეყნებს შორის, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვა საუკეთესოა. ჯერჯერობით, ევროკავშირის და ამერიკის ქვეყნებს ვერ შევედრებით, მაგრამ, რა შესაძლებლობებიც გვაქვს, მისი მაქსიმალურად გამოყენება ხდება. აქ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან დიფერენცირებული მიდგომა იყო, ეკონომიკურად ხელმოკლე მოსახლეობის ჯგუფი სარგებლობდა სხვა შეღავათებით, შედარებით მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის ფენები ასევე შეღავათებით სარგებლობდა, მაგრამ მათთვის გარკვეული პროპორციით თანაგადახდა არსებობდა. დიფერენცირებული მიდგომა იყო, მაგრამ ისე, რომ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის გარეშე, პრაქტიკულად, არცერთი მოქალაქე არ დარჩენილიყო და ეს შესრულდა.
მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეს თავის თავზე გამოსცადა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას თავის მთავრობის მიმართ ყოველთვის აქვს პრეტენზიები, ყოველთვის მეტს მოითხოვს, ვიდრე სახელმწიფოს შეუძლია, მისცეს, ჯანდაცვა იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც მოსახლეობას მთავრობის მიმართ ყველაზე ნაკლები პრეტენზია ჰქონდა. ისინი რეალურად იღებდნენ იმის მიახლოებულ სამედიცინო მომსახურებას, რასაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში იღებენ, ხოლო ცალკეულ სეგმენტებში, მაგალითად, c ჰეპატიტი, სხვა დაავადებები, იღებდნენ იმაზე მეტ, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ამ პროგრამის სახსრების რაციონალური განკარგვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც თავიდან ვერ ხერხდებოდა, შესაბამისი გამოცდილება არ იყო. პრაქტიკამ უჩვენა, რომ იმ სერიოზული თანხების განკარგვა რაციონალურად ვერ ხდებოდა, დისპროპორცია იყო, რის გამოც რიგი დარგებისა უფრო სწრაფად განვითარდა, რიგი დარგებისა ნაკლებად. მოსახლეობისთვის შეთავაზებული მოდელი ყოველთვის სამართლიანი , ობიექტური არ იყო, მათ შორის თანაგადახდების პრინციპი. მოსახლეობას მნიშვნელოვანი თანხის გადახდა ისევ ჯიბიდან უხდებოდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა სიღრმისეული ცვლილებები დაიწყო.

„სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის, ბატონი ზურაბ აზარაშვილის მოსვლის შემდეგ, სამინისტროში პრინციპული სისტემური ძვრები განხორციელდა. ახალი ხელმძღვანელობა, გაეცნო რა არსებულ სიტუაციას, რესურსებს, მისი განკარგვის ფორმებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი პალიატიური, კოსმეტიკური ზომებით ბევრს ვერაფერს მიაღწევ, ჯანდაცვაში სიღრმისეული რეფორმები და სისტემური ცვლილებებია საჭირო. ახალმა მინისტრმა თავის თავში ამის პოლიტიკური ნება და შესაძლებლობები იპოვა, ჯანდაცვაში სიღრმისეული ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. თქვენ ამის შედეგებს მალე ნახავთ. მოსახლეობის ნაწილმა ეს უკვე თავის თავზე გამოსცადა. ეს არის იმავე მედიკამენტების ფასების გაიაფება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმაა. ამის ერთი ნაწილი რეფერენტული ფასების შემოღებაა. ასევე ქვეყნის ხელმძღვანელობის დიდი მხარდაჭერით ე.წ. თურქულ, იაფიანი მედიკამენტების ბაზარზე წვდომა მოხერხდა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის მტკივნეული სფერო იყო. რეფორმა ყველას არ მოეწონა, მათ შორის, ფარმაცევტული სექტორის ლიდერებს. ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ სააფთიაქო ქსელი კარგად განვითარებულია, რომ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით სერიოზულ შენატანებს ახორციელებენ, ათასობით ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. კი ეს სწორია, მაგრამ ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. როგორც სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა უჩვენა, მოსახლეობის მიერ მედიკამენტების შეძენაში გადახდილი ფული, ძვირი ფასები არ არის შესაბამისობაში იმასთან, თუ შემდეგ რა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, ან რა ეძლევათ სააფთიაქო ქსელის მუშაკებს ანაზღაურების სახით. გაირკვა, რომ საქართველოში ფარმაცევტული სექტორი მოგების უფრო მაღალ მარჟაზე, ე.წ. ზემოგებაზე მუშაობდა. ამის დასარეგულირებლად სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რომელიც გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდება, მაგრამ ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური ნებაა და არ უჩანს პირი, რომ სამინისტრო ამ რეფორმას ბოლომდე ვერ მიიყვანს. მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ეს დარეგულირდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები