“რუსეთი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვის გამოყენებას, როგორც ბელარუსს იყენებს” – მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთს სურს უკრაინის წინააღმდეგ კიშინიოვის გამოყენება, როგორც კრემლი მინსკს იყენებს.
ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.
სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს და დაამხოს რესპუბლიკის მთავრობა და მოლდოვის ხელისუფლებას ამის მტკიცებულებები აქვს.
„აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს კიშინიოვში პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას, რათა გამოიყენოს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბელარუსიის შემთხვევაში“, – თქვა პოლიტიკოსმა.
მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადება ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.
„ზუსტად ამის გაკეთება სურს რუსეთს მოლდოვას შემთხვევაში. თუმცა, დღეს მოლდოვაში არის მისი მოქალაქეების მიერ არჩეული დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც მუშაობს მოქალაქეებისა და მოლდოვის საკეთილდღეოდ, ამიტომ, მისი გამოყენება შეუძლებელია“, – განაცხადა სანდუმ.